ამბავი ავთანდილისა არაბეთს შექცევისა | ||
24:1 | იგი‚ მუნით წამოსრული‚ სევდამანცა განა მოკლა! პირსა იხოკს‚ ვარდსა აპობს‚ ხელი მისი გაამხოკლა; სისხლსა‚ მისგან დადენილსა‚ მხეცი ყოვლი გაამლოკლა; მისმან ფიცხლა სიარულმან შარა გრძელი შეამოკლა. |
[672] |
24:2 | მუნ მივიდა‚ სადა იგი მისნი სპანი დაეყარნეს. ნახეს‚ იცნეს; რაგვარაცა მართებს‚ აგრე გაეხარნეს. შერმადინსცა ახარებდეს‚ ფიცხლა კაცთა თავნი არნეს: „მოვიდაო‚ აქანამდის ვისთვის ლხინნი გაგვემწარნეს!“ |
[673] |
24:3 | გაეგება‚ მოეხვია‚ ზედა დასდვა პირი ხელსა‚ აკოცებდა‚ სიხარულით ცრემლსა ღვრიდა ველთა მრწყველსა; ესე თქვა‚ თუ: „ნეტარ‚ ღმერთო‚ ცხადსა ვხედავ ანუ ბნელსა? მე ვით ღირს ვარ ამას‚ რომე თვალნი ჩემნი გჭვრეტდენ მრთელსა!“ |
[674] |
24:4 | ყმამან მდაბლად მოიკითხა‚ ზედა დასდვა პირი პირსა; უბრძანა‚ თუ: „ღმერთსა ვმადლობ‚ შენ თუ ჭირად არა გჭირსა!“ დიდებულთა თაყვანისსცეს‚ აკოცებდეს‚ ვინცა ღირსა‚ ზარსა სცემდეს‚ უხაროდა უფროსსა და თუნდა მცირსა. |
[675] |
24:5 | მოვიდეს‚ სადა საყოფად სახლი დგა მუნ აგებული. მოვიდა ნახვად ყოველი მის ქალაქისა კრებული. მაშინვე დაჯდა ნადიმად მორჭმული‚ ლაღი‚ შვებული. ენა მის დღისა შვებასა ყოლა ვერ იტყვის კლებული. |
[676] |
24:6 | შერმადინს უთხრა‚ უამბო ყოველი მისგან ნახული‚ ანუ ვით პოვა იგი ყმა‚ მისგანვე მზედ დასახული. ავთანდილს ცრემლი უყოფდა‚ უბნობდა თვალდაფახული: „უმისოდ მყოფსა სწორად მიჩს ჩემთვის დარბაზი და ხული“. |
[677] |
24:7 | მუნ ამბავი შინაური ყველაკაი მოახსენა: „შენი წასლვა არვინ იცის‚ რაცა მითხარ‚ აგრე ვქმენა!“ მას დღე მუნით არ წავიდა‚ ინადიმა‚ გაისვენა‚ ცისკრად შეჯდა‚ გაემართა‚ დღე რა მზემან გაათენა. |
[678] |
24:8 | არცაღა დაჯდა ნადიმად‚ არცა ქმნად კვლა ხალვათისა; შერმადინ მახარობელი წავა მისლვისა მათისა‚ ფიცხლა წავიდა‚ სავალი სამ დღე ვლო დღისა ათისა. მას ლომსა შეყრა უხარის მის მზისა მოკამათისა. |
[679] |
24:9 | შესთვალა: „მეფე უკადრი ხარმცა მორჭმით და დიდობით! ამა საქმესა ვიკადრებ შიშით‚ კრძალვით და რიდობით: მის ყმისა ვერას ვერ მცნობი უხმობდი თავსა ფლიდობით‚ აწ ვცან და გაცნევ ყველასა‚ მოვალ შვებით და მშვიდობით“. |
[680] |
24:10 | როსტევან – მეფე უკადრი‚ მორჭმული‚ შეუპოველი. შერმადინ მოციქულობა თვით მოახსენა ყოველი: „ავთანდილ მოვა წინაშე‚ მის ყმისა ვისმე მპოველი“. ბრძანა: „ვცან ჩემი ღმრთისაგან სააჯო და სათხოველი“. |
[681] |
24:11 | თინათინს ჰკადრა შერმადინ‚ ნათელსა მას უღამოსა: „ავთანდილ მოვა წინაშე‚ გკადრებს ამბავსა ამოსა“. იგი მით აკრთობს ელვასა‚ მზისაგან უთამამოსა‚ მას საბოძვარი უბოძა‚ მისი ყველაი დამოსა. |
[682] |
24:12 | მეფე შეჯდა‚ გაეგება ყმასა‚ მუნით მომავალსა; ამას პირმზე მეფისაგან ივალებდა ვითა ვალსა. მიეგება‚ მოეგება მხიარული გულმხურვალსა‚ დიდებულთა ჯარისაგან ზოგი ჰგვანდა ვითა მთრვალსა. |
[683] |
24:13 | რა მიეახლა‚ გარდახდა ყმა‚ თაყვანისსცა მეფესა; აკოცა როსტან‚ მიმხვდარმან ნიშატთა სიიეფესა; გულმხიარულნი‚ შვებულნი მივლენ დარბაზსა სეფესა; მის ყმისა მოსლვა უხარის ყოველსა მუნ მეკრეფესა. |
[684] |
24:14 | მას ავთანდილ თაყვანისსცა‚ ლომთალომმან მზეთამზესა. მუნ ბროლი და ვარდ-გიშერი გაეტურფა სინაზესა. პირი მისი უნათლეა სინათლესა ზესთაზესა‚ სახლ-საყოფი არა მართებს‚ ცამცა გაიდარბაზესა! |
[685] |
24:15 | მას დღე დასხდეს ნადიმობად‚ გაამრავლეს სმა და ჭამა; ყმასა მეფე ასრე უჭვრეტს‚ ვითა შვილსა ტკბილი მამა. მათ ორთავე აშვენებდა‚ ფიფქსა – თოვნა‚ ვარდსა – ნამა. უხვად გასცეს საბოძვარი‚ მარგალიტი‚ ვითა დრამა. |
[686] |
24:16 | სმა გარდახდა‚ თავის-თავის გაიყარნეს მსმელნი შინა; დიდებულნი არ გაუშვნეს‚ ყმა დაისვეს ახლოს წინა; მეფე ჰკითხავს‚ იგი ჰკადრებს‚ რაცა ჭირი დაეთმინა‚ მერმე მისი‚ უცნობოსა‚ რა ენახა‚ რა ესმინა. |
[687] |
24:17 | „მას ვახსენებდე‚ ნუ გიკვირს‚ თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა! მზე თუ ვთქვა მსგავსი მისი და ანუ მისისა სახისა‚ ვინ უნახავქმნის გონება ყოველთა კაცთა მნახისა; ვარდი დამჭნარი ეკალთა შუა‚ შორს მყოფი‚ ახ‚ ის-ა!“ |
[688] |
24:18 | რა ჭირი კაცსა სოფელმან მოუთმოს მოუთმინამან‚ ქაცვი ლეწამმან‚ ზაფრანი იმსგავსოს ფერად მინამან. ავთანდილ‚ მისმან მხსენებმან‚ ღაწვი ცრემლითა მინა მან‚ წვრილად უამბო ამბავი მან‚ მისმან მონასმინამან: |
[689] |
24:19 | „ქვაბნი ომითა წაუხმან‚ სახლად აქვს დევთა სახლები‚ საყვარელისა მისისა ქალი ჰყავს თვით ნაახლები‚ ვეფხისა ტყავი აცვია‚ ცუდად უჩს სტავრა-ნახლები‚ აღარა ნახავს სოფელსა‚ ცეცხლი სწვავს ახალ-ახლები“. |
[690] |
24:20 | რა დაასრულა ამბავი‚ საქმე მისისა ჭირისა‚ ნახვა მის მზისა ნათლისა‚ მის‚ თვალად არდუხჭირისა‚ ეამა ქება ვარდისა‚ ბროლისა განაჭვირისა: „ეგე კმა სიმხნე სიმხნისად‚ რადღა ხარ მომხვეჭი რისა!“ |
[691] |
24:21 | გამხიარულდა თინათინ ამა ამბვისა სმენითა. მას დღე იხარებს სმისა და ჭამისა არმოწყენითა‚ კვლა საწოლს დახვდა მის მზისა მონა სიტყვითა ბრძენითა: მისლვა ებრძანა‚ ეამა‚ თქმა არ ეგების ენითა. |
[692] |
24:22 | ყმა წავიდა მხიარული‚ ლმობიერი‚ არ გამწყრალი‚ ლომი, მინდორს ლომთათანა, მინდორს რული‚ ფერნამკრთალი‚ ყმა სოფლისა ხასიათი‚ ჯავარსრული‚ მრავალწყალი‚ მაგრა ჰქონდა გულისათვის გული გულსა განაცვალი. |
[693] |
24:23 | მზე უკადრი ტახტსა ზედა ზის მორჭმული‚ არნადევრი‚ წყლად ევფრატსა უხვად ერწყო ედემს რგული ალვა მჭევრი‚ ბროლ-ბალახშსა აშვენებდა თმა გიშერი‚ წარბი ტევრი. მე ვინ ვაქებ? ათენს ბრძენთა‚ ხამს‚ აქებდეს ენა ბევრი! |
[694] |
24:24 | ყმა მხიარული წინაშე დასვა სკამითა მისითა; სხენან სავსენი ლხინითა‚ ორთავე შესატყვისითა; უბნობენ ლაღნი‚ წყლიანნი არა სიტყვითა მქისითა; უთხრა: „ჰპოვეა‚ პატიჟნი ნახენ ძებნითა ვისითა?“ |
[695] |
24:25 | ჰკადრა: „რა კაცსა სოფელმან მისცეს წადილი გულისა‚ ხსოვნა არა ხამს ჭირისა‚ ვით დღისა გარდასრულისა. ვპოვე ხე‚ ტანი ალვისა‚ სოფლისა წყლითა რწყულისა‚ მუნ პირი‚ მსგავსი ვარდისა‚ მაგრა აწ ფერნაკლულისა. |
[696] |
24:26 | მუნ სარო‚ მსგავსი ვარდისა‚ ვნახე‚ მისჭირდა‚ მი-‚ ნები; იტყვის: «დავკარგე ბროლი და სადა რთავს ბროლსა მინები». მით ვიწვი‚ რათგან ჩემებრვე ცეცხლი სწვავს მოუთმინები“. მერმე კვლა ჰკადრა ამბავი მან‚ მისგან მონასმინები. |
[697] |
24:27 | სიარულსა მისგან ძებნად‚ სრულ პატიჟთა მოსთვლის‚ ჭირსა; მერმე ჰკადრა‚ საწადლისა ღმერთმან პოვნა ვით აღირსა: „საწუთრო და სოფელს ყოფა‚ კაცი უჩსო‚ ვით ნადირსა‚ ოდენ ხელი მხეცთა თანა იარების მინდორს‚ ტირსა. |
[698] |
24:28 | ნუ მკითხავ‚ ქება რა გკადრო‚ ჩემგან რა გაგეგონების? მისსა მნახავსა ნახული აღარა მოეწონების; თვალი მჭვრეტელი‚ ვით მზისა ციაგსა‚ დაეღონების; ვარდი შექმნილა ზაფრანად‚ აწ ია შეიკონების!“ |
[699] |
24:29 | წვრილად ჰკადრა‚ რა იცოდა – რა ნახულად‚ რა ნასმენად: „ვითა ვეფხსა წავარნა და ქვაბი აქვსო სახლად‚ მენად; ქალი ახლავს სასურველად‚ სულთა დგმად და ჭირთა თმენად“. ვაჲ‚ სოფელმან სოფელს მყოფი ყოვლი დასვა ცრემლთა დენად! |
[700] |
24:30 | ქალსა რა ესმა ამბავი‚ მიხვდა წადილი ნებისა‚ განათლდა პირი მთვარისა‚ ვით ნათლად ნავანებისა; იტყვის: „რა უთხრა პასუხი მას სათნებლისა თნებისა‚ რაა წამალი მისისა წყლულისა განკურნებისა?“ |
[701] |
24:31 | ყმა ეტყვის: „ვის აქვს მინდობა კაცისა მომცქაფავისა? მან ჩემთვის დაწვა თავისა დადვა‚ არდასაწვავისა; დრო დამიც ჩემგან მისლვისა‚ მითქვამს დადება თავისა‚ მზე შემიფიცავს თავისა‚ ჩემგან მზედ სახედავისა. |
[702] |
24:32 | ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არდამრიდად‚ გული მისცეს გულისათვის‚ სიყვარული – გზად და ხიდად; კვლა მიჯნურსა მიჯნურისა ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად‚ აჰა‚ მაქვსმცა უმისოსა ლხინი არმად‚ თავი ფლიდად!“ |
[703] |
24:33 | მზე ეტყვის: „მომხვდა ყოველი ჩემი წადილი გულისა: პირველ‚ შენ მოხვე მშვიდობით‚ მპოვნელი დაკარგულისა‚ მერმე‚ ზრდა სიყვარულისა გაქვს‚ ჩემგან დანერგულისა‚ ვპოვე წამალი გულისა‚ აქამდის დადაგულისა! |
[704] |
24:34 | საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხვდების: ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების. აქამდის ჭირი ჩემ ზედა‚ აწ ესე ლხინი უხვდების‚ რათგან შვება აქვს სოფელსა‚ თვით რად ვინ შეუწუხდების? |
[705] |
24:35 | შენ არგატეხა კარგი გჭირს ზენაარისა, ფიცისა. ხამს გასრულება მოყვრისა სიყვარულისა მტკიცისა‚ ძებნა წამლისა მისისა და ცოდნა ხამს უიცისა‚ ჩემი თქვი‚ რა ვქმნა ბნელქმნილმან‚ მზე მიმეფაროს‚ მი-‚ ცისა?“ |
[706] |
24:36 | ყმამან ჰკადრა: „სიახლითა შევრთე ჭირი შვიდსა მე რვა‚ ცუდი არის დამზრალისა გასათბობლად წყლისა ბერვა‚ ცუდი არის სიყვარული‚ ქვეით კოცნა‚ მზისა წვერვა‚ თუ გეახლო‚ ერთხელ ვაჲ და‚ რა მოგშორდე‚ ათასჯერ ვა! |
[707] |
24:37 | ვაჲ თუ გავიჭრა‚ გაჭრილსა სადა‚ გლახ‚ დამწვავს სამ ალი! გული ძეს საგნად ისრისა‚ მესრის საკრავად სამალი; დღე სიცოცხლისა ჩემისა დღესითგან ჩანს ნასამალი; მალვა მწადს‚ მაგრა გარდახდა ჟამი პატიჟთა სამალი! |
[708] |
24:38 | მესმა თქვენი ნაუბარი‚ გავიგონე‚ რაცა ჰბრძანე; ვარდსა ქაცვი მოაპოვნებს‚ ეკალთამცა რად ვეფხანე?! მაგრა‚ მზეო‚ თავი მზესა ჩემთვის სრულად დააგვანე‚ სიცოცხლისა საიმედო ნიშანი რა წამატანე!“ |
[709] |
24:39 | ყმა ტკბილი და ტკბილქართული‚ სიკეთისა ხელისმხდელი‚ ამას ზედა ეუბნების‚ ვით გაზრდილსა ამო მზრდელი; ქალმან მისცნა მარგალიტნი‚ სრულქმნა მისი საწადელი‚ ღმერთმან ქმნას და გაუსრულდეს ლხინი ესე აწინდელი! |
[710] |
24:40 | რა სჯობს‚ რა კაცმან გიშერი ბროლ-ლალსა თანა ახიოს‚ ანუ ბაღს ალვა საროსა ახლოს რგოს‚ მორწყოს‚ ახიოს‚ მისსა მჭვრეტელსა ალხინოს‚ ვერმჭვრეტსა ავაგლახიოს! ვაჲ მოყვარისა გაყრილსა‚ ახი ოს ეყოს‚ ახი ოს! |
[711] |
24:41 | მათ მიხვდა ლხინი ყოველი ერთმანერთისა ჭვრეტითა. ყმა წამოვიდა გაყრილი‚ მივა გულითა რეტითა. მზე ტირს სისხლისა ცრემლითა‚ ზღვისაცა მეტისმეტითა. იტყვის: „ვერ გაძღა სოფელი‚ ვაჲ‚ სისხლთა ჩემთა ხვრეტითა!“ |
[712] |
24:42 | ყმა წავიდა სევდიანი‚ მკერდსა იცემს‚ ამად ილებს‚ რომე კაცსა მიჯნურობა ატირებს და გააფრდილებს; რა ღრუბელი მიეფარვის‚ მზე ხმელეთსა დააჩრდილებს‚ მის მოყვრისა მოშორვება კვლა აბინდებს‚ არ ადილებს. |
[713] |
24:43 | სისხლმან და ცრემლმან გარევით ღაწვი ქმნის ღარად და ღარად; იტყვის: „მზე ჩემგან თავისა კმა დასადებლად აღარად; მიკვირს‚ თუ გული ალმასი შავმან წმწამმან დაღა რად! ვირე ვნახვიდე‚ სოფელო‚ მინდი სალხინოდ აღარად! |
[714] |
24:44 | ვინ უწინ ედემს ნაზარდი ალვა მრწყო‚ დამრგო‚ მახია‚ დღეს საწუთრომან ლახვარსა მიმცა‚ დანასა მახია‚ დღეს გული ცეცხლსა უშრეტსა დაბმით დამიბა‚ მახია. აწყა ვცან‚ საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია!“ |
[715] |
24:45 | ამას მოსთქვამს‚ ცრემლსა აფრქვევს‚ ათრთოლებს და აწანწარებს‚ გულამოსკვნით‚ ოხრვა-სულთქმით მიხრის ტანსა‚ მიაწარებს. საყვარლისა სიახლესა მოშორვება გაამწარებს‚ ვაჲ‚ საწუთრო ბოლოდ თავსა ასუდარებს‚ აზეწარებს! |
[716] |
24:46 | ყმა მივიდა‚ საწოლს დაჯდა‚ ზოგჯერ ტირს და ზოგჯერ ბნდების‚ მაგრა ახლავს გონებითა საყვარელსა‚ არ მოსწყდების; ვით მწვანვილსა თრთვილისაგან‚ პირსა ფერი მოაკლდების. ხედავთ‚ ვარდსა უმზეობა რაგვარ ადრე დააჩნდების! |
[717] |
24:47 | საწოლს მჯდომმან პირსა ცემით ბროლი ბღუჯოს‚ ვარდი კონოს; გულსა იდებს‚ იტყვის: „კაცმან ჭირი ლხინსა შეაწონოს; ლხინმან სძლიოს‚ გაძლება ხამს‚ ჭირი სთმოს და ჟამთა მონოს. ვინ ქონება არ იმადლოს‚ მას სხვა ღმერთმან რა აქონოს! |
[718] |
24:48 | გული კრულია კაცისა‚ ხარბი და გაუძღომელი‚ გული – ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო‚ ლხინთა მნდომელი‚ გული – ბრმა‚ ურჩი ხედვისა‚ თვით ვერას ვერ გამზომელი‚ ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი‚ ვერცა პატრონი რომელი!“ |
[719] |
24:49 | რა გულსა უთხრა გულისა‚ სიტყვანი საგულისონი‚ მან მარგალიტნი მოიხვნა მის მზისა სამეყვისონი‚ მის მზისა მკლავსა ნაბამნი‚ მათ კბილთა შესატყვისონი‚ პირსა დაიდვა‚ აკოცა‚ ცრემლი სდის‚ ვითა ბისონი. |
[720] |
24:50 | რა გათენდა‚ კაცი მოვა მომკითხავი‚ დარბაზს მხმობი. ყმა წავიდა ლაღი‚ ნაზი‚ ნაღვიძები‚ ძილნაკრთობი. ერთმანერთსა ეჯარვიან‚ დგას მჭვრეტელთა ჯარი მსწრობი; მეფე მინდორს ეკაზმოდა‚ მოემზადა დაბდაბ-ნობი. |
[721] |
24:51 | მეფე შეჯდა‚ მაშინდელი ზარი აწმცა ვით ითქმოდა! ქოს-დაბდაბთა ცემისაგან ყურთა სიტყვა არ ისმოდა‚ მზესა ქორნი აბნელებდეს‚ ძაღლთა რბოლა მიდამოდა; მას დღე მათგან დანაღვარი სისხლი ველთა მოესხმოდა! |
[722] |
24:52 | ინადირეს‚ შემოიქცეს მხიარულნი‚ მინდორს რულნი; შეიტანნეს დიდებულნი‚ თავადნი და სპანი სრულნი; დაჯდა‚ დახვდეს მოკაზმულნი საჯდომნი და სრანი სრულნი‚ ხმას სცემს ჩანგი ჩაღანასა‚ მომღერალნი იყვნეს რულნი! |
[723] |
24:53 | ყმა ახლოს უჯდა მეფესა‚ ჰკითხვიდა‚ ეუბნებოდა; ბაგეთათ გასჭვირს ბროლ-ლალი და კბილთათ ელვა ჰკრთებოდა. ახლოს სხდეს ღირსნი‚ ისმენდეს‚ შორს ჯარი დაიჯრებოდა‚ უტარიელოდ ხსენება არვისგან იკადრებოდა. |
[724] |
24:54 | ყმამან რაცა არვის უთხრის‚ კითხვად ვინმცა გაუპირდა? მართალა‚ თუ საუბარსა აძვირებდა‚ ძვირად ღირდა; სმა გარდახდა‚ გაიყარნეს‚ ყმა წავიდა‚ მი-ცა-სჭირდა‚ ვეღარ გასძლო‚ გული მისი აუჩუქდა‚ აუტირდა. |
[725] |
24:55 | ყმა მივიდა გულმოკლული‚ ცრემლი ველთა მოედინა. მართ მისივე სიყვარული უარებდა თვალთა წინა. ზოგჯერ ადგის‚ ზოგჯერ დაწვის‚ ხელსა რადმცა დაეძინა! რაცა აჯა დათმობისა გულმან ვისმცა მოუსმინა! |
[726] |
24:56 | წევს‚ იტყვის: „გულსა სალხინო რამცაღა დაუსახეო? მოგშორდი‚ ედემს ნაზარდო ტანო ლერწამო და ხეო‚ შენთა მჭვრეტელთა ნიშატო‚ ვერმჭვრეტთა სავაგლახეო‚ ცხადად ნახვასა არ ღირს ვარ‚ ნეტარმცა სიზმრივ გნახეო!“ |
[727] |
24:57 | ამას მოსთქმიდის ტირილით ცრემლისა დასაღვაროთა; კვლა გულსა ეტყვის: „დათმობა ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა. არ დავთმოთ‚ რა ვქმნათ‚ სევდასა‚ მითხარ‚ რა მოუგვაროთა? თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან‚ ჭირიცა შევიწყნაროთა“. |
[728] |
24:58 | კვლა იტყვის: „გულო‚ რაზომცა გაქვს სიკვდილისა წადება‚ სჯობს სიცოცხლისა გაძლება‚ მისად თავისა დადება‚ მაგრა დამალე‚ არ გაჩნდეს შენი ცეცხლისა კვლა დება‚ ავად შეჰფერობს მიჯნურსა მიჯნურობისა ცხადება!“ |
[729] |
24:59 | რა გათენდა‚ შეეკაზმა‚ ყმა გავიდა ადრე გარე; იტყვის: „ნეტარ‚ მიჯნურობა არ დამაჩნდეს‚ და-მცა-ვფარე!“ დათმობასა ეაჯების გულსა: „შენ რა მოუგვარე!“ ცხენსა შეჯდა‚ წამოვიდა ვაზირისა სახლსა მთვარე. |
[730] |