თათბირი ტარიელისა | ||
51:1 | ტარიელ უთხრა: „მე თქვენი ვცან გმირთა მეტი გმირობა, თქვენსა ძალ-გულსა თქვენივე ჰგავს თათბირობა, პირობა; ვიცი, გწადს ომი ფიცხელი, არ ცუდი ხრმალთა ღირობა, კაციმცა მაშინ თქვენ გახლავს, რა ომმან ქმნას გაჭირობა. |
[1403] |
51:2 | მაგრა იყვენით ჩემთვისცა საქმისა რასმე რჩევითა: ხმა ესმას ჩემსა ხელმქმნელსა, ზედა გარდმოდგეს მზე ვითა, თქვენ გქონდეს ომი ფიცხელი, უომრად მნახოს მე ვითა? ესე მე დამსვრის, ნუ უბნობთ სიტყვითა თქვენ სათნევითა. |
[1404] |
51:3 | მაგა თათბირსა ესე სჯობს, ვქმნათ ჩემი მონახსენები: გავიყოთ კაცი ას-ასი, რა ღამე ჩნდეს ნათენები, სამთავე სამგნით მივმართოთ, ფიცხლა დავსხლიტოთ ცხენები, მოგვეგებვიან, ვემცრობით, ჩვენ ხრმალსა მივსცეთ მძლე ნები. |
[1405] |
51:4 | ფიცხლა შევებნეთ, შევსჯარნეთ, ვერ მოგვასწრებენ კარებსა, სამთაგან ერთი შეუვალთ, სხვა გარეთ ვსცემდეთ გარებსა, მან ერთმან შიგნით შიგანნი მივსცნეთ სისხლისა ღვარებსა, ხელი კვლა ვჰხადოთ აბჯარსა, მას ჩვენგან მძლედ ნახმარებსა“. |
[1406] |
51:5 | ფრიდონ უთხრა: „შემიგნია, გაგიგია, ვიცი მე, რა: მაგა ცხენსა ჩემეულსა მოასწრებენ კართა ვერა; ოდეს გიძღვენ, არ ვიცოდი, ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა, თვარა ყოლა არ გიძღვნიდი, ჩემი გითხრა სიძუნწე რა“. |
[1407] |
51:6 | ფრიდონ ლაღი ამხანაგობს საუბართა ესოდენთა. ამას ზედა გაიცინნეს მათ წყლიანთა, სიტყვაბრძენთა, ერთმანერთსა ელაღობნეს ლაღობათა, მათთა მშვენთა, გარდახდეს და დაეკაზმნეს, უკეთესთა შესხდეს ცხენთა. |
[1408] |
51:7 | კვლა ერთმანერთსა მიუგეს სიტყვები არპირმკვახები, დაასკვნეს იგი თათბირი, ტარიას განაზრახები: გაიყვეს კაცი ას-ასი, ყველაი გმირთა სახები, ცხენებსა შესხდეს, აიღეს მათ მათი ჩალაბახები. |
[1409] |
51:8 | იგი ჭაბუკნი შუქითა ვნახენ მზისაცა მეტითა; მათ სამთა შვიდნი მნათობნი ჰფარვენ ნათლისა სვეტითა; ტარიელ შავსა ზედა ზის ტანითა მით წერწეტითა; დალივნეს მტერნი ომითა, ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა. |
[1410] |
51:9 | ჩემი აწ ესე ნათქვამი მათი სახე და დარია: რა ზედა წვიმდენ ღრუბელნი და მთათა ატყდეს ღვარია, მოვა და ხევთა მოგრაგნის, ისმის ზათქი და ზარია, მაგრა რა ზღვასა შეერთვის, მაშინ ეგრეცა წყნარია. |
[1411] |
51:10 | თუცა ფრიდონ და ავთანდილ სიკეთემიუწვდომნია, მაგრა ტარიას შებმანი არვისგან მოსანდომნია; მზე მნათობთაცა დაჰფარავს, არცაღა ნათლად ხომნია. აწ იყურებდით, მსმენელნო, გესმნენ ფიცხელნი ომნია! |
[1412] |
51:11 | სამთავე სამად გაიყვეს, თითომან თითო კარები; თანა ჰყვა კაცი სამასი, ყველაი გმირთა დარები. მას ღამით უქმნეს სადარნო, უცრუო, ანაჩქარები, გათენდა, გაჩნდეს, მიმართეს, თავის-თავ ჰქონდა ფარები. |
[1413] |
51:12 | პირველ ამოდ მიდიოდეს მგზავრთა რათმე მაგიერად, მათ შიგანთა ვერა უგრძნეს, ვერცა დახვდეს გულხმიერად; გულსა შიში არა ჰქონდა, ამოდ დგეს და ნებიერად; მიდგეს გარეთ, მუზარადნი დაიხურეს ჟამიერად; |
[1414] |
51:13 | ანაზდათ ცხენი გაქუსლეს, მათრახმან შექმნა წრიალი. რა ნახეს, კარნი გაახვნეს, ქალაქით გახდა ზრიალი, სამთავე სამგნით მიმართეს, თავსა მით უყვეს რიალი, იკრეს ნობსა და დაბდაბსა, შეიქმნა ბუკთა ტკრციალი. |
[1415] |
51:14 | მაშინ ქაჯეთს მოიწია უსაზომო რისხვა ღმრთისა: კრონოს, წყრომით შემხედველმან, მოიშორვა სიტკბო მზისა; მათვე რისხვით გარდუბრუნდა ბორბალი და სიმგრგვლე ცისა, ველნი მკვდართა ვერ იტევდეს, გადიადდა ჯარი მკვდრისა. |
[1416] |
51:15 | კაცსა უკრავად დაბნედდის ხმა ტარიელის ხაფისა, აბჯარსა ფრეწდის, გაცუდდა სიმაგრე ჯავშან-ქაფისა. სამგნითვე კართა შესჯარნეს, ჭირი არ ნახეს კაფისა, რა ქალაქს შეხდეს, შეიქმნა სიხარკე ციხეს სწრაფისა. |
[1417] |
51:16 | ავთანდილ და ლომი ფრიდონ შიგნით ერთგან შეიყარნეს, მტერნი სრულად აეწყვიდნეს, სისხლნი მათნი მოეღვარნეს, უყივლეს და ერთმანერთი ნახეს, დიდად გაეხარნეს, თქვეს: „ტარიელ რა იქმნაო?“ მისად ჭვრეტად თვალნი არნეს. |
[1418] |
51:17 | ერთმანცა არა იცოდა, ვერა ცნეს ტარიერისა. ციხისა კარსა მიმართეს, რიდი არ ჰქონდა მტერისა; მუნ ნახეს რიყე აბჯრისა, ნალეწი ხრმალთა წვერისა, ათი ათასი ნობათი, უსულო, მსგავსი მტვერისა. |
[1419] |
51:18 | ციხისა მცველი ყველაი იდვა მართ ვითა სნეული, თავით ფერხამდის დაჭრილი, აბჯარი მუნ დახეული, ციხისა კარნი გახმულნი, კართა ნალეწი სრეული, ცნეს ნაქმრად ტარიელისად, თქვეს: „საქმე არს მისეული“. |
[1420] |
51:19 | გზანი დახვდეს შეკაფულნი, შევიდეს და გაძვრეს ხვრელსა, ნახეს, მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა, მუზარადი მოეხადა, შვენის აკრვა თმასა ლელსა, მკერდი მკერდსა შეეწება, გარდაეჭდო ყელი ყელსა, |
[1421] |
51:20 | ეხვეოდეს ერთმანერთსა, აკოცეს და ცრემლნი ღვარნეს; ამას ჰგვანდეს, ოდეს ერთგან მუშთარ, ზუალ შეიყარნეს. მზე რა ვარდსა შემოადგეს, დაშვენდეს და შუქნი არნეს, აქანამდის ჭირნახულთა ამას იქით გაიხარნეს. |
[1422] |
51:21 | მათ ერთმანერთსა აკოცეს, დგანან ყელგარდაჭდობილნი. კვლა შეეწებნეს ხშირ-ხშირად ვარდნი ბაგეთა პობილნი. აწ ესენიცა გავიდეს, შეკრბეს სამნივე ძმობილნი, მას მზესა მისცეს სალამი, წადგეს მართ ვითა ხმობილნი. |
[1423] |
51:22 | მზე მოეგება პირითა ტურფითა, მოცინარითა, აკოცა მისთა მეშველთა ლაღმან ცნობითა წყნარითა, მათ მდაბლად მადლი უბრძანა სიტყვითა მით ნარნარითა, ორნივე ერთგან უბნობდეს ტურფითა საუბნარითა. |
[1424] |
51:23 | ტარიელსცა უსალამეს, მას ალვისა მორჩსა ვით ხეს, მიულოცეს გამარჯვება, ერთმანერთი მოიკითხეს; არა სჭირდა, არ ინანეს, რომ აბჯარი არ გაითხეს, თავნი მათნი გაალომნეს, მათი მბრძოლი იშვლეს, ითხრეს. |
[1425] |
51:24 | სამასისა კაცისაგან ას-სამოცი შეჰყოლოდა; ფრიდონს უმძიმს სპათა მისთა, მაგრა ერთ კერძ უხაროდა. მონახეს და არ აცოცხლეს, რაცა მბრძოლი დარჩომოდა, რომე პოვნეს საჭურჭლენი, აწმცა თვალით ვით ითქმოდა! |
[1426] |
51:25 | მოკრიფეს ჯორი, აქლემი, რაცა ვით პოვეს მალები: სამიათასსა აჰკიდეს მარგალიტი და თვალები, თვალი ყველაი დათლილი, იაგუნდი და ლალები, იგი მზე შესვეს კუბოსა, არს მათგან განაკრძალები. |
[1427] |
51:26 | სამოცი კაცი დააგდეს ქაჯეთს ციხისა მცველია, წამოიყვანეს იგი მზე, მათიღა წაგვრა ძნელია, ზღვათა ქალაქსა დამართეს, თუცა გზა მუნით გრძელია,“ თქვეს: „ფატმან ვნახოთ, მუქაფა გვაც მისი გარდუხდელია“. |
[1428] |