წასლვა ავთანდილისაგან ტარიელის შეყრად მეორედ | ||
30:1 | მთვარე მზესა მოეშორვოს, მოშორვება გაანათლებს, რა ეახლოს, შუქი დასწვავს, გაეყრების, ვერ იახლებს, მაგრა ვარდსა უმზეობა გაახმობს და ფერსა აკლებს, ჩვენ ვერჭვრეტა საყვარლისა ჭირსა ძველსა გაგვიახლებს. |
[834] |
30:2 | აწყა დავიწყებ ამბავსა, მის ყმისა წამავლობასა: მივა და მიტირს გულმდუღრად, ვერ ვიტყვი ცრემლთა მცრობასა, წამ-წამ მობრუნდის, იაჯდის მისთვის მზისავე მზობასა, უჭვრეტდის, თვალი ვერ მოჰხსნის, თუ მოჰხსნის, მიჰხდის ცნობასა. |
[835] |
30:3 | რა მიეახლის დაბნედად, ვერ ხელყვის გაძრვად ენისად, მაგრა სდის ცრემლი თვალთაგან მსგავსად დიჯლისა დენისად, ზოგჯერ დაბრუნდის, იჭვრეტდის ღონედ პატიჟთა თმენისად, რა გაემართის, არ იცის, მას თუ არბევდის ცხენი სად. |
[836] |
30:4 | თქვა: „ჩემო, შენი შორს მყოფი კრულია, ვინცა დადუმდეს, რათგან შენ დაგრჩა გონება, გული შენკენვე დაბრუნდეს, თვალთა მტირალთა შეხედვა შენივე სწადდეს და უნდეს. სჯობს, საყვარელსა მოყვარე რაზომცა დაუძაბუნდეს! |
[837] |
30:5 | მე რა ვქმნა შენად შეყრამდის, ანუ რას ვეჭვდე ლხენასა? თავსა მოვიკლავ, მე თუმცა შენგან არ ვეჭვდი წყენასა, მაგრა შენ გაწყენ ჩემისა არსიცოცხლისა სმენასა, მოდი და მივსცნე ცოცხალმან თვალნი ცრემლისა დენასა!“ |
[838] |
30:6 | იტყვის: „ჰე, მზეო, ვინ ხატად გთქვეს მზიანისა ღამისად, ერთარსებისა ერთისა, მის უჟამოსა ჟამისად, ვის გმორჩილობენ ციერნი ერთის იოტის წამისად, ბედსა ნუ მიქცევ, მიაჯე, შეყრამდის ჩემად და მისად! |
[839] |
30:7 | ვის ხატად ღმრთისად გიტყვიან ფილოსოფოსნი წინანი, შენ მიშველე რა ტყვექმნილსა, ჯაჭვნი მაბიან, რკინანი! ბროლ-ბალახშისა მძებნელმან სათნი დავკარგენ, მინანი; მაშინ ვერ გავსძლე სიახლე, აწ სიშორესა ვინანი“. |
[840] |
30:8 | ამას მოსთქმიდის, იწოდის, ვითა სანთელი დნებოდის, დაყოვნებისა მოშიში ისწრაფდის, იარებოდის; რა შეუღამდის, ვარსკვლავთა ამოსლვა ეამებოდის, მას ამსგავსებდის, ილხენდის, უჭვრეტდის, ეუბნებოდის. |
[841] |
30:9 | მთვარესა ეტყვის: „იფიცე სახელი ღმრთისა შენისა! შენ ხარ მომცემი მიჯნურთა მიჯნურობისა სენისა, შენ გაქვს წამალი მისისა მოთმინებისა თმენისა, მიაჯე შეყრა პირისა, შენ გამო შენებრ მშვენისა!“ |
[842] |
30:10 | ღამე ალხენდის, დღე სჯიდის, ელის ჩასლვასა მზისასა; რა წყალი ნახის, გარდახდის, უჭვრეტდის ჭავლსა წყლისასა, მას თანართვიდის ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა, კვლა გაემართის, ისწრაფდის წავლასა მისვე გზისასა. |
[843] |
30:11 | მარტო მოსთქმიდის, ტიროდის ტანად ალვისა ხიანი, მინდორს თხა მოკლის, სადაცა ადგილი დახვდის კლდიანი, შეწვის, ჭამის და წავიდის პირმზე, გულმარიხიანი, იტყვის: „დავყარენ ვარდნი და, აჰა მე, ვაგლახ, იანი!“ |
[844] |
30:12 | აწ ვერ ვიტყვი მაშინდელსა მე მის ყმისა ნაუბარსა, რას უბნობდის, რას მოსთქმიდის, რას ტურფასა, რაზომგვარსა. ზოგან თოვლი გაეწითლის ვარდსა, ბრჭლითა ნახოკარსა. ქვაბნი ნახნა, გაეხარნეს, ზე გავიდა ქვაბთა კარსა. |
[845] |
30:13 | რა ასმათმან დაინახა, მოეგება, ცრემლი სწვთების, ვით ეამა, სიხარულსა მართ ვეღარას ვერ მიხვდების; ყმა გარდახდა, მოეხვია, აკოცებს და ეუბნების. კაცი კაცსა მოელოდეს, მოსლვა დია ეამების. |
[846] |
30:14 | ყმა ქალსა ეტყვის: „პატრონი, ნეტარ, სად არის და ვითა?“ ქალი ატირდა ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა, იტყვის: „რა წახვე, გაიჭრა, ქვაბს ყოფა მისჭირდა ვითა; აწ მისი არა არ ვიცი არ ნახვით, არ ამბავითა“. |
[847] |
30:15 | ყმა დაჭმუნდა, ვითამც რამე ჰკრეს ლახვარი გულსა შუა; ქალსა ეტყვის: „აჰა, დაო, ეგეთიმცა კაცი ნუა! იგი ფიცი ვით გატეხა! არ ვეცრუე, ვით მეცრუა! ვერ იქმოდა, რად მიქადა? თუ მიქადა, რად მიტყუა?! |
[848] |
30:16 | მე უმისოდ სოფელს ყოფა რათგან ჩირად არ მიღირდა, რად დავვიწყდი, რად მივსცილდი, რად ვერ გასძლო, რა მისჭირდა? მან გატეხა ზენარისა რად შემართა, ვით გაპირდა? მაგრა ავი ბედისაგან ჩემი რამცა გამიკვირდა!“ |
[849] |
30:17 | კვლა ქალი ეტყვის: „მართალ ხარ მაგისსა დამძიმებასა, მაგრა, რა გავბრჭო მართალი, ნუ მეჭვ რასაცა თნებასა; არ გული უნდა ფიცის და პირისა გასრულებასა? იგი უგულო მოელის მართ დღეთა შემოკლებასა. |
[850] |
30:18 | გული, ცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან: რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან; უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან. შენ არ გინახვან, არ იცი, მას რომე ცეცხლნი სწვიდიან. |
[851] |
30:19 | შენ უმართლე ხარ, ემდურვი, შენ გაეყარე ძმობილსა, მაგრა ვით ითქმის, ვით გახდა, ვითა გიამბო ცნობილსა! ენა დაშვრების, გაცვთების, გულსა შეელმის ლმობილსა, ამას მით ვაზრობ, მინახავს მე, უბედურსა შობილსა. |
[852] |
30:20 | ჯერთ მისი მსგავსი სასჯელი არცა ვის ამბვად სმენია: არა თუ კაცთა, სასჯელი ქვათაცა შესაძრწენია, დიჯლადცა კმარის, მას რომე თვალთაგან ცრემლი სდენია; თვით რაცა ჰბრძანოთ, მართალ ხართ: სხვა სხვისა ომსა ბრძენია. |
[853] |
30:21 | მას წამავალსა ვჰკითხევდი, დამწვარსა, ცეცხლმოდებულსა: «მოვიდეს, რა ქმნას ავთანდილ? მისსა დამვედრე დებულსა». მიბრძანა: «მო-ღა-მნახვიდეს მე, მისთვის გაცუდებულსა, ამათ არ დავჰყრი არეთა, არ გავსტეხ მას ქადებულსა. |
[854] |
30:22 | მას ზენაარსსა არ გავსტეხ, მას ფიცსა არ ვეცრუები, მას პაემნამდის მოვიცდი, რაზომცა გამდის რუები; თუ მკვდარი მნახოს, დამმარხოს, თქვას ვაგლახი და უები, ცოცხალი დავხვდე, უკვირდეს, სიცოცხლე არს სათუები». |
[855] |
30:23 | ჩემთვის გარდახდა მას აქათ გაყრა მზისა და ქედისა; ოდენ მოდენა ცრემლისა მჭირს, ველთა მოსალბე დისა. მსჯის გამრავლება ხელქმნილსა სულთქმისა ზედაზედისა. დავვიწყებივარ სიკვდილსა, ნახეთ ნაქმარი ბედისა! |
[856] |
30:24 | ესე არაკი მართალი ჩინს ქვასა ზედა სწერია: «ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია». აწ ზაფრანია, ვის წინას ვერ ვარდი ჰგვანდის, ვერ ია; თუღა მონახავ, მონახე, ქმენ, რაცა შენი ფერია“. |
[857] |
30:25 | ყმამან უთხრა: „უმართლე ხარ, არ მამართლო მდურვად მისად, მაგრა გაბრჭე, რა მიქნია სამსახური ტყვესა ტყვისად: გამოჭრილ ვარ სახლით ჩემით, ვით ირემი ძებნად წყლისად, მას ვეძებ და მას ვიგონებ, ვიარები, ველთა ვვლი სად. |
[858] |
30:26 | ბროლ-სადაფნი მარგალიტსა ლალისფერსა სცვენ და ჰბურვენ, მას მოვშორდი, ვერ ვიახლენ, ვერ ვისურვენ, ვერ ვასურვენ, გამოპარვით წამოსლვითა ღმრთისა სწორნი მოვიმდურვენ, ნაცვლად მათთა წყალობათა მათნი გულნი შევაურვენ. |
[859] |
30:27 | პატრონი ჩემი გამზრდელი, ღმრთისაგან დიდად ცხოველი, მშობლური, ტკბილი, მოწყალე, ცა წყალობისა მთოველი, მას უორგულე, წამოვე, მართ დავივიწყე ყოველი, მისი შემცოდე ღმრთისაგან კარგსა აღარას მოველი. |
[860] |
30:28 | ესე ყველაი ასრე მჭირს, დაო, ბედითა მისითა, არა უტყუე, მოსრულ ვარ მგზავრი ღამით და დღისითა; აწ იგი სადმე წასრულა, ვიწვი ცეცხლითა ვისითა, ცუდმაშვრალი და მტირალი ქვე ვზი პირითა მქისითა. |
[861] |
30:29 | დაო, მეტსა საუბარსა აღარ მომცემს ჟამი და დრო, არ ვინანი გარდასრულსა, ბრძენთა სიტყვა გავადადრო; წავალ, ვძებნი, ანუ ვჰპოვებ, ან სიკვდილი მოვიადრო, თვარა, ბედი აზომ თურე მიკვეთს, ღმერთსა რაღა ვჰკადრო!“ |
[862] |
30:30 | ამის მეტი აღარა თქვა, ატირდა და წამოვიდა, ქვაბი ჩავლო, წყალსა გახდა, შამბი გავლო, ველს გავიდა; ქარი, ველთა მონაქროლი, ლალისფერსა ვარდსა ზრვიდა; „რად მიმეცო ამა ჭირსა?“, ბედსა ამას უზრახვიდა. |
[863] |
30:31 | იტყვის: „ღმერთო, რა შეგცოდე შენ, უფალსა, არსთა მხედსა, რად გამყარე მოყვარეთა, რად შემასწარ ამა ბედსა? ერთი ორთა მგონებელი ვარ საქმესა წასაწყმედსა, მოვკვდე, თავი არ მეწყალვის, ჩემი სისხლი ჩემსა ქედსა! |
[864] |
30:32 | მოყვარემან ვარდის კონა გულსა მკრა და დამიწყლულა, იგი ფიცი, ჩემგან სრული, მან აღარა გამისრულა; მას თუ გამყრი, საწუთროო, ჩემი ლხინი გარდასრულა, სხვა მოყვარე თვალსა ჩემსა გაკიცხულა, გაბასრულა“. |
[865] |
30:33 | კვლა იტყვის: „მიკვირს ნავღელი კაცისა ჭკუიანისა, რა მჭმუნვარებდეს, რას არგებს ნაკადი ცრემლთა ბანისა? სჯობს გამორჩევა, აზრობა საქმისა დასაგვანისა, აწ მეცა მიჯობს მონახვა მის მზისა ლერწამტანისა“. |
[866] |
30:34 | ყმა გაემართა საძებრად მტირალი, ცრემლთა მფრქვეველი, ეძებს, უზახის, უყივის, დღეებრ ღამეთა მთეველი; სამ დღემდის მოვლო მრავალი ხევი, შამბნარი, ტყე-ველი; ვერ პოვა, მივა მჭმუნვარე, ვერას ამბვისა მცნეველი. |
[867] |
30:35 | იტყვის: „ღმერთო, რა შეგცოდე, ეგზომ დიდი რა გაწყინე? რად შემასწარ ამა ბედსა, რა სასჯელი მომივლინე! გამკითხველო, გამიკითხე, აჯა ჩემი შეისმინე, დაამოკლენ დღენი ჩემნი, ჭირი ამით გამილხინე!“ |
[868] |