ავთანდილისაგან შერმადინის საუბარი | ||
26:1 | შერმადინს ეტყვის‚ უბრძანებს პირმზე‚ ნათელთა მფენელი: „ესე დღე არის იმედი‚ ჩემი გულისა მლხენელი‚ შენგან თავისა შენისა საჩემოდ გამომჩენელი“. მქებრად ამბვისა მათისა ხამს მკითხველი და მსმენელი. |
[778] |
26:2 | იტყვის: „როსტან არ გამიშვა‚ არცა სიტყვა მომისმინა; მან არ იცის‚ რათა ვინ-ა და სულდგმული ვისგან ვინ-ა; უმისომცა ნუ ცოცხალ ვარ ნუცა გარე‚ ნუცა შინა! რაცა საქმე უსამართლო ღმერთმან ვისმცა შეარჩინა! |
[779] |
26:3 | თუცა მისი არგაწირვა ჩემგან მტკიცობს‚ არ სათუობს‚ – ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს‚ – გული‚ მისი უნახავი‚ ტირს და სულთქვამს‚ ვაებს‚ უობს‚ ლხინსა არას არ იახლებს‚ ჰკრთების‚ კუშტობს‚ ვახშობს‚ ქსუობს. |
[780] |
26:4 | სამი არის მოყვრისაგან მოყვრობისა გამოჩენა: პირველ‚ ნდომა სიახლისა‚ სიშორისა ვერმოთმენა‚ მიცემა და არას შური‚ ჩუქებისა არმოწყენა‚ გავლენა და მოხმარება‚ მისად რგებად ველთა რბენა. |
[781] |
26:5 | რადღა ვაგრძელებ სიტყვასა‚ ჟამია შემოკლებისა! აწ გაპარვაა წამალი ამა გულისა ლებისა. რასაცა გვედრებ‚ ისმენდი‚ ვირე დრო გქონდეს ხლებისა; შენ გაამაგრე დაჭირვა ჩემისა ნასწავლებისა. |
[782] |
26:6 | აწ მეფეთა სამსახურად პირველ თავი დაამზადე‚ სიკეთე და უკლებლობა შენი ერთობ გააცხადე; სახლი ჩემი შეინახე‚ სპათა ჩემთა ეთავადე‚ სამსახური აქამდისი‚ კვლა გავლენა გააკვლადე! |
[783] |
26:7 | მტერთა ჩემთა ენაპირე‚ ძალი ნურა მოგაკლდების‚ ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს‚ ორგულიმცა შენი კვდების! შემოვიქცე‚ შენი ჩემგან ვალი კარგად გარდიხდების; პატრონისა სამსახური არაოდეს არ წახდების“. |
[784] |
26:8 | ესე ესმა‚ ცრემლი ცხელი შერმადინსა თვალთა სდინდი; მოახსენა: „მარტოობით ჭირსა რადმცა შეუშინდი! მაგრა რა ვქმნა‚ უშენოსა დამეცემის გულსა ბინდი! წამიტანე სამსახურად‚ მოგეხმარო‚ რადცა გინდი. |
[785] |
26:9 | ვის ასმია მარტოსაგან ღარიბობა ეგზომ დიდი! ვის ასმია პატრონისა ჭირსა შიგან ყმისა რიდი! დაკარგულსა გიგონებდე‚ რა ვიქმნები აქა ფლიდი?“ ყმამან უთხრა: „ვერ წაგიტან‚ რაზომსაცა ცრემლსა ღვრიდი. |
[786] |
26:10 | შენგან ჩემი სიყვარული ვითამც არა დამეჯერა‚ მაგრა საქმე არ მოხდების‚ ჟამი ასრე დამემტერა! ვის მივანდო სახლი ჩემი‚ შენგან კიდე ვინმც მეფერა?! გული დადევ‚ დაიჯერე‚ ვერ წაგიტან ვერათ‚ ვერა! |
[787] |
26:11 | თუ მიჯნური ვარ‚ ერთი ვხამ ხელი მინდორთა მე რებად; არ მარტო უნდა გაჭრილი ცრემლისა სისხლსა ფერებად? გაჭრა ხელია მიჯნურთა‚ რად სცალს თავისა ბერებად! ასრეა ესე სოფელი‚ შესჯერდი კვლა შეჯერებად! |
[788] |
26:12 | რა მოგშორდე‚ მახსენებდი‚ სიყვარული ჩემი გქონდეს; არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა‚ თავი მონად მომიმონდეს. ხამს‚ მამაცი გაგულოვნდეს‚ ჭირსა შიგან არ დაღონდეს. მძულს‚ რა კაცსა სააუგო საქმე არა არ შესწონდეს. |
[789] |
26:13 | მე იგი ვარ‚ ვინ სოფელსა არ ამოვჰკრეფ კიტრად ბერად‚ ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად; ჩემსა მზესა დავეთხოვე‚ გაუშვივარ‚ დავდგე მე რად! მას თუ დავსთმობ‚ სახლსა ჩემსა ვეღარ დავსთმობ ვისსა ვერად? |
[790] |
26:14 | აწ ანდერძსა ჩემსა მოგცემ‚ როსტანს წინა დაწერილსა; შენ შეგვედრებ‚ დაგიჭიროს‚ ვითა გმართებს ჩემსა ზრდილსა. მოვკვდე‚ თავსა ნუ მოიკლავ‚ სატანასგან ნუ იქ ქმნილსა‚ ამას ზედა იტირებდი‚ დაიდებდი თვალთა მილსა!“ |
[791] |