ფრიდონისაგან ნესტან-დარეჯანის ამბვის მბობა | ||
23:1 | დღესა ერთსა მე და ფრიდონ ნადირობას გამოვედით‚ ზღვასა ზედა წაწურვილსა ქედსა რასმე გარდავდეგით; ფრიდონ მითხრა: «გითხრობ რასმე‚ – ვთამაშობდით‚ ცხენსა ვსხედით‚– ერთი რამე საკვირველი მე ვნახეო ამა ქედით». |
[623] |
23:2 | მე ვჰკითხევდი‚ ფრიდონ მეტყვის მართ ამბავსა ესოდენსა: «დღე ერთ მწადდა ნადირობა‚ შევჯე ამა ჩემსა ცხენსა‚ – ზღვათა შიგან იხვსა ჰგავს და ხმელთა ზედა შავარდენსა‚ – აქა ვდეგ და თვალს უგებდი ქორსა‚ იქით განაფრენსა. |
[624] |
23:3 | ზოგჯერ ზღვითკე მივიხედნი‚ წავსდგომოდი ამა გორსა; ზღვასა შიგან ცოტა რამე დავინახე‚ თუცა შორსა‚ ეგრე ფიცხლა სიარული არას ძალუც მისსა სწორსა; ვერად ვიცან‚ გონებასა გავეკვირვე ამად ორსა. |
[625] |
23:4 | ვთქვი: «რა არის‚ რას ვამსგავსო‚ მფრინველია ანუ მხეცი?» ნავი იყო‚ გარ ეფარა სამოსელი მრავალკეცი; წინა კაცნი მოზიდვიდეს; თვალი ამად დავაცეცი‚ მთვარე უჯდა კიდობანსა‚ ცა მეშვიდე მასმცა ვეცი. |
[626] |
23:5 | ამოძვრეს ორნი მონანი‚ შავნი მართ ვითა ფისანი. ქალი გარდმოსვეს‚ სისხონი ვნახენ მისისა თმისანი. მას რომე ელვა ჰკრთებოდა‚ ფერნიმცა ჰგვანდეს რისანი! მან გაანათლა ქვეყანა‚ გაცუდდეს შუქნი მზისანი! |
[627] |
23:6 | სიხარულმან ამაჩქარა‚ ამათრთოლა‚ და-ცა-მლეწა‚ იგი ვარდი შემიყვარდა‚ რომე თოვლსა არ ეხეწა; დავაპირე შეტევება‚ ვთქვი: «წავიდე მათკე მე‚ წა-‚ ჩემსა შავსა სულიერი რამცა ვითა გარდეხვეწა!» |
[628] |
23:7 | ცხენი გავქუსლე‚ იქმოდა შამბი ხმასა და ხრიალსა‚ ვეღარ მიუსწარ‚ გამესწრნეს‚ რაზომცა ვსცემდი წრტიალსა. ზღვის პირსა მივე‚ შევხედენ‚ ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა‚ გამშორვებოდეს‚ წამსლვოდეს‚ ამისთვის დავეწვი ალსა». |
[629] |
23:8 | ესე მესმა ფრიდონისგან‚ მომემატა ცეცხლთა სიცხე‚ ცხენისაგან გარდავიჭერ‚ თავი სრულად გავიკიცხე‚ ჩემთა ღაწვთა დანადენი მე ჩემივე სისხლი ვიცხე. უთხარ: «მომკალ‚ უჩემოსა ენახამცა ვისცა ის ხე?!» |
[630] |
23:9 | ესე ჩემგან გაუკვირდა‚ ფრიდონს უცხოდ ეუცხოვა‚ მაგრა მეტად შევებრალე‚ ტირილითა მესათნოვა; თვალთათ ვითა მარგალიტი ცრემლი ცხელი გარდმოთოვა‚ ვითა შვილი დამადუმა‚ მემუდარა‚ შემეპოვა. |
[631] |
23:10 | «ვაგლახ მეო‚ რა გიამბე ფათერაკად‚ მცთარმან‚ შმაგად!» მოვახსენე: «ნურა გაგვა‚ ნუ ინავღლი მაგას მაგად! იგი მთვარე ჩემი იყო‚ მით მედების ცეცხლი მდაგად; აწ გიამბობ‚ რათგან თავი გინდა ჩემად ამხანაგად». |
[632] |
23:11 | ფრიდონს უთხარ ყველაკაი‚ ჩემი თავსა გარდასრული. მან მითხრა‚ თუ: «რას ვიტყოდი მოცთომილი‚ გაბასრული! შენ‚ მაღალი ინდოთ მეფე‚ ჩემსა რადმე ხარ მოსრული‚ სახელმწიფო საჯდომი და ტახტი გმართებს‚ სრაცა სრული». |
[633] |
23:12 | კვლაცა მითხრა: «ვისცა ღმერთი საროს მორჩსა ტანად უხებს‚ მას ლახვარსა მოაშორვებს‚ თუცა პირველ გულსა უხებს‚ იგი მოგვცემს წყალობასა მისსა‚ ზეცით მოგვიქუხებს‚ ჭირსა ლხინად შეგვიცვალებს‚ არაოდეს შეგვაწუხებს». |
[634] |
23:13 | წამოვედით ნატირებნი‚ სრას დავსხედით თავისწინა; ფრიდონს უთხარ: «ჩემი შემწე შენგან კიდე არავინ-ა‚ ვითა ღმერთმან შენი მსგავსი სოფლად არა მოავლინა‚ მაშა‚ რათგან შეგემეცნე‚ ამის მეტი რად რა მინა? |
[635] |
23:14 | არ ავი გესვა მოყვარე‚ ჟამი თუ მომხვდეს ჟამისად‚ ენა‚ გონება მახმარე გამოსარჩევლად ამისად: რა მოვაგვარო‚ რა მიჯობს სალხენლად ჩემად და მისად? თუ ვერას ვარგებ‚ ვიქმნები ვერდამყოფელად წამისად». |
[636] |
23:15 | მან მითხრა: «ბედი ღმრთისაგან მიჯობსღა ამას რომელი? მოსრულ ხარ ჩემად წყალობად მეფე ინდოეთს მჯდომელი; მემცა რად ვიყავ ამისთვის მადლისა რასმე მნდომელი? ერთი ვარ მონა მონებად წინაშე თქვენსა მდგომელი. |
[637] |
23:16 | ესე ქალაქი გზა არის ნავთა‚ ყოველგნით მავალთა‚ შემომკრებელი ამბავთა უცხოთა რათმე მრავალთა; აქა მოგესმის წამალი‚ შენ რომე დაუწვავ ალთა. ნუთუ ქმნას ღმერთმან გარდახდა ამაგა ჭირთა და ვალთა! |
[638] |
23:17 | ჩვენ გავგზავნნეთ მენავენი‚ რომელთაცა კვლა უვლია‚ მოგვინახონ იგი მთვარე‚ ვისთვის ჭირი არ გვაკლია; მუნამდისცა მოიჭირვე‚ – გონებამან არ დაგლია. ყოლა ჭირი არ ეგების‚ თუმცა ლხინმან არ დასძლია». |
[639] |
23:18 | კაცნი იხმნა მასვე წამსა‚ ესე საქმე დავიურვეთ‚ უბრძანა‚ თუ: «ნავებითა წადით‚ ზღვა-ზღვა მოიცურვეთ‚ მოგვინახეთ‚ საყვარელსა მისსა მისთვის მოასურვეთ; თავთა ჭირი უათასეთ‚ რადმც უშვიდეთ‚ რადმცა ურვეთ?» |
[640] |
23:19 | აჩინნა კაცნი‚ სადაცა სადგურნი ნავთა სჩენოდეს‚ უბრძანა: «ძებნეთ ყოველგან‚ რაცა ვის მისი გსმენოდეს». მოლოდნა მიჩნდა სალხინოდ‚ პატიჟნი მო-რე-მლხენოდეს. უმისოდ ლხინი მინახავს‚ ამა დღისათვის მრცხვენოდეს! |
[641] |
23:20 | ფრიდონ საჯდომნი დამიდგნა ადგილსა საპატრონოსა‚ მითხრა‚ თუ: «მცთარ ვარ აქამდის‚ ვერ მივხვდი გასაგონოსა: ხარ დიდი მეფე ინდოთა‚ რა ვით ვინ მოგაწონოსა! ვინ არის კაცი‚ რომელმან თავი არ დაგამონოსა?!» |
[642] |
23:21 | რას ვაგრძელებდე! მოვიდეს ყოვლგნით ამბვისა მცნობელნი‚ ცუდნი და ცუდთა ადგილთა თავისა დამაშრობელნი‚ ვერა ვერ ეცნა‚ ვერ იყვნეს ვერას ამბვისა მბობელნი‚ მე უფრო მდინდეს თვალთაგან კვლა ცრემლნი შეუშრობელნი. |
[643] |
23:22 | მე ფრიდონს უთხარ: «ესე დღე ვითა მესაზაროების‚ ამისად მოწმად ღმერთი მყავს‚ სათქმელად მეუცხოების; უშენოდ მყოფსა ღამე და დღეცა მესაღამოების‚ დახსნილ ვარ ლხინსა ყოველსა‚ მით გული ჭირსა მოების. |
[644] |
23:23 | მაშა მე მისსა ამბავსა რათგან აღარას მოველი‚ ვეღარ ვიქმნები‚ გამიშვი‚ ვარ ფარმანისა მთხოველი!» ფრიდონს რა ესმა‚ ატირდა‚ სისხლითა მოერწყო ველი; მითხრა‚ თუ: «ძმაო‚ დღესითგან ცუდ ჩემი ლხინი ყოველი!» |
[645] |
23:24 | თუცა დია მოიჭირვეს‚ ვერცა ეგრე დამიჭირეს; მისთა სპათა მუხლმოყრილთა თავი მათი ჩემკერძ ირეს‚ მეხვეოდეს‚ მაკოცებდეს‚ ატირდეს და ამატირეს: «ნუ წახვალო‚ დაგაწამოთ‚ სიცოცხლეა ჩვენი ვირეს!» |
[646] |
23:25 | ეგრე უთხარ: «თქვენი გაყრა მეცა დია მეძნელების‚ მაგრა ლხინი უმისოსა ჩემგან ძნელად გაიძლების; ჩემსა ტყვესა ვერ გავსწირავ‚ თქვენცა დია გებრალების‚ ნუვინ მიშლით‚ არ დავდგები‚ არცა ვისგან დამეშლების». |
[647] |
23:26 | მერმე ფრიდონ მოიყვანა‚ მიძღვნა ესე ჩემი ცხენი‚ მითხრა: «ხედავ პირი მზისა‚ თქვენ‚ საროსა‚ ეგეც ხენი‚ ვიცი‚ მეტი არა გინდა‚ ძღვენნი რადმცა გავკიცხენი? თვით ამანვე მოგაწონნეს სახედრობა-სიფიცხენი». |
[648] |
23:27 | ფრიდონ გამომყვა‚ წავედით‚ ორთავე ცრემლნი ვღვარენით; მუნ ერთმანერთსა ვაკოცეთ‚ ზახილით გავიყარენით. სრულად ლაშქარნი მტიროდეს გულითა მართლად‚ არ ენით. გაზრდილ-გამზრდელთა გაყრასა ჩვენ თავნი დავადარენით. |
[649] |
23:28 | ფრიდონისით წამოსრულმან‚ წავე ძებნად‚ კვლა ვიარე‚ რომე არა არ დამირჩა ხმელთა ზედა‚ ზღვათა გარე‚ მაგრა მისსა მნახავსაცა კაცსა ვერას შევეყარე; გული სრულად გამიშმაგდა‚ თავი მხეცთა დავადარე. |
[650] |
23:29 | ვთქვი‚ თუ: «ჩემი აღარაა სიარული‚ ცუდი ცურვა‚ ნუთუ მხეცთა სიახლემან უკუმყაროს გულსა ურვა!» მონათა და ამა ასმათს სიტყვა უთხარ შვიდი თუ რვა: «ვიცი‚ რომე დამირჯიხართ‚ დია გმართებს ჩემი მდურვა. |
[651] |
23:30 | აწ წადით და მე დამაგდეთ‚ ეტერენით თავთა თქვენთა‚ ნუღარ უჭვრეტთ ცრემლთა ცხელთა‚ თვალთა ჩემთა მონადენთა!» რა ესენი მოისმენდეს საუბართა ესოდენთა‚ მითხრეს: «ჰაჲჰაჲ‚ რასა ჰბრძანებ‚ ნუ მოასმენ ყურთა ჩვენთა! |
[652] |
23:31 | უშენოსა ნუმცა ვნახავთ ნუ პატრონსა‚ ნუ უფალსა! ნუთუ ღმერთმან არ გაგვყარნეს ცხენთა თქვენთა ნატერფალსა! თქვენ გიჭვრეტდეთ საჭვრეტელსა შვენიერსა‚ სატურფალსა!» თურე ბედი მოაღაფლებს კაცსა ეგზომ არღაფალსა. |
[653] |
23:32 | ვეღარ გავგზავნენ‚ სიტყვანი მესმნეს მონათა ჩემთანი‚ მაგრა დავყარენ არენი მე კაცრიელთა თემთანი; სახლად საყოფნი მიმიჩნდეს თხათა და მათ ირემთანი. გავიჭერ‚ სრულად დავტკებნენ ქვე მინდორნი და ზე მთანი. |
[654] |
23:33 | ესე ქვაბნი უკაცურნი ვპოვენ‚ დევთა შეეკაფნეს‚ შემოვები‚ ამოვსწყვიდენ‚ ყოლა ვერას ვერ მეხაფნეს; მათ მონანი დამიხოცნეს‚ ჯაჭვნი ავად მოექაფნეს. საწუთრომან დამაღრიჯა‚ ცქაფნი მისნი კვლა მეცქაფნეს. |
[655] |
23:34 | აჰა‚ ძმაო‚ მაშინდითგან აქა ვარ და აქა ვკვდები; ხელი მინდორს გავიჭრები‚ ზოგჯერ ვტირ და ზოგჯერ ვბნდები‚ – ესე ქალი არ დამაგდებს‚ არს მისთვისვე ცეცხლნადები‚ – ჩემად ღონედ სიკვდილისა მეტსა არას არ ვეცდები! |
[656] |
23:35 | რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს‚ ამად მიყვარს ტყავი მისი‚ კაბად ჩემად მომინახავს; ესე ქალი შემიკერავს‚ ზოგჯერ სულთქვამს‚ ზოგჯერ ახავს; რათგან თავი არ მომიკლავს‚ ხრმალი ცუდად მომიმახავს. |
[657] |
23:36 | მისსა ვერ იტყვის ქებასა ყოველი ბრძენთა ენები; მას დაკარგულსა ვიგონებ მე‚ სიცოცხლისა მთმენები; მას აქათ ვახლავ ნადირთა‚ თავსა მათებრვე მხსენები; სხვად არას ვიაჯ ღმრთისაგან‚ ვარ სიკვდილისა მქენები“. |
[658] |
23:37 | პირსა იცა‚ გაიხეთქა: ღაწვი ვარდი აიხეწა‚ ლალი ქარვად გარდაიქცა‚ ბროლი სრულად დაილეწა; ავთანდილსცა ცრემლი წასდის წამწამთაგან ერთსახე‚ წა-; მერმე ქალმან დაადუმა‚ მუხლმოყრილი შეეხვეწა. |
[659] |
23:38 | ტარიელ უთხრა ავთანდილს‚ ასმათის დადუმებულმან: „შენ ყველაკაი გაამე მე‚ ვერას ვერ ამებულმან; გიამბე ჩემი ამბავი სიცოცხლეგაარმებულმან‚ აწ წადი‚ ნახე შენი მზე ნახვისა მოჟამებულმან“. |
[660] |
23:39 | ავთანდილ უთხრა: „მე შენი გაყრა არ მომეთმინების; თუ გაგეყრები‚ თვალთაგან ცრემლიცა დამედინების. მართალსა გითხრობ‚ ამისი კადრება ნუ გეწყინების‚ შენ ვისთვის ჰკვდები‚ მაგითა მას არა არ ელხინების. |
[661] |
23:40 | რა აქიმი დასნეულდეს‚ რაზომ გინდა საქებარი‚ მან სხვა უხმოს მკურნალი და მაჯაშისა შემტყვებარი; მას უამბოს‚ რაცა სჭირდეს სენი‚ ცეცხლთა მომდებარი: სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი. |
[662] |
23:41 | რაცა გითხრა‚ მომისმინე‚ ბრძენი გეტყვი‚ არა ხელი: ასი გმართებს გაგონება‚ არ გეყოფის‚ არ‚ ერთხელი; კარგად ვერას ვერ მოავლენს კაცი აგრე გულფიცხელი. აწ მე მინდა ნახვა მისი‚ ვისგან დამწვავს ცეცხლი ცხელი. |
[663] |
23:42 | იგი ვნახო‚ სიყვარული მისი ჩემთვის დავამტკიცო; მოვახსენო‚ რაცა მეცნას‚ მეტი საქმე არა მიცო; შენ გენუკევ‚ შემაჯერო‚ ღმერთი იღმრთო‚ ცაცა იცო‚ ერთმანერთი არ გავწიროთ‚ მაფიცო და შემომფიცო. |
[664] |
23:43 | რომე აქათ არ წახვიდე‚ შენ თუ ამას შემეპირო‚ მეცა ფიცით შეგაჯერებ‚ არასათვის არ გაგწირო‚ კვლა მოვიდე შენად ნახვად‚ შენთვის მოვკვდე‚ შენთვის ვირო‚ ღმერთსა უნდეს‚ ვისთვის ჰკვდები‚ მისთვის აგრე არ გატირო“. |
[665] |
23:44 | მან მიუგო: „უცხოსუცხო აგრე ვითა შეგიყვარდი? გასაყრელად გეძნელები‚ იადონსა ვითა ვარდი; რაგვარამცა დაგივიწყე‚ რაგვარამცა უკუმქარდი! ღმერთმან ქმნას და კვლაცა გნახო ალვა მორჩი‚ განაზარდი. |
[666] |
23:45 | პირი შენი ნახვად ჩემად თუ მობრუნდეს‚ ტანი ვით ხოს‚ გული მინდორს არ გაიჭრეს‚ არ ირმოს და არცა ითხოს; თუ გიტყუო‚ მოგაღორო‚ ღმერთმან რისხვით გამიკითხოს! შენმან ჭვრეტა-სიახლემან მომაქარვოს სევდა‚ მითხოს!“ |
[667] |
23:46 | ამას ზედა შეიფიცნეს მოყვარენი გულსადაგნი‚ იაგუნდნი ქარვისფერნი‚ სიტყვაძვირნი‚ ცნობაშმაგნი; შეუყვარდა ერთმანერთი‚ სწვიდეს მიწყივ გულსა დაგნი‚ მას ღამესა ერთგან იყვნეს შვენიერნი ამხანაგნი. |
[668] |
23:47 | ავთანდილცა მასვე თანა ტიროდა და ცრემლი ღვარა; რა გათენდა‚ წამოვიდა‚ აკოცა და გაეყარა; ტარიელს თუ ვით ეწყინა‚ რა ქმნას‚ ამას ვერ მიმხვდარა; ავთანდილცა ჩატიროდა‚ შამბი შიგან ჩაიარა. |
[669] |
23:48 | ავთანდილს ასმათ ჩამოჰყვა‚ ზენარით ეუბნებოდა‚ მუხლთა უყრიდა‚ ტიროდა‚ თითითა ეხვეწებოდა‚ ადრე მოსლვასა ვედრებდა‚ მართ ვითა ია ჭნებოდა; მან უთხრა: „დაო‚ უთქვენოდ სხვა რამცა მეგონებოდა! |
[670] |
23:49 | ადრე მოვალ‚ არ გაგწირავ‚ არას დავზამ შინა ხანსა‚ ოდენ სხვაგან არ წავიდეს‚ ნუსად არებს იმა ტანსა; აქათ ორ თვე არ მოვიდე‚ ვიქ საქმესა დაუგვანსა‚ შეიგენით‚ მიცემულ ვარ ჭირსა რასმე თანისთანსა“. |
[671] |