წიგნი ტარიელისა ინდოთ მეფის წინაშე | ||
15:1 | წიგნი დავწერე: «მეფეო‚ სვემცაა თქვენი სვიანად! მე ხატაელთა მიმუხთლეს‚ – თუცა მათ ეცა ზიანად‚ – ჩემი ამბავი დასტური ამად გაცნობე გვიანად; მეფე შევიპყარ‚ მოგივალ მე ალაფიან-ტყვიანად». |
[464] |
15:2 | რა ყველაი დავიურვე‚ ხატაეთით გავემგზავრე‚ წამოვიხვენ საჭურჭლენი‚ სახელმწიფო დავიავრე‚ ვერ მოვეყავ აქლემითა‚ აზავრები ვააზავრე‚ მოვირჭვენ და მოვივლინე‚ რაცა მწადდა‚ აგრე ვყავ-რე. |
[465] |
15:3 | ხატაეთისა ხელმწიფე მომყვანდა შეპყრობილია. ინდოეთს მივე‚ მეგება ჩემი გამზრდელი ტკბილია; რა ქება მითხრა‚ არ ითქმის‚ ჩემგან სათქმელად წბილია. ხელი გამიხსნა‚ შემომკრა მან სახვეველი ლბილია. |
[466] |
15:4 | ედგნეს ტურფანი კარავნი მოედანს ჩამოდგომილსა‚ საუბრისა და ჭვრეტისა ჩემისა მას მონდომილსა. მას დღესა ედვა ნადიმი მას შიგან გარდახდომილსა; მიალერსებდა‚ მიჭვრეტდა წინაშე ახლოს ჯდომილსა. |
[467] |
15:5 | მას ღამით ვსხედით ნადიმად‚ მუნ ამოდ გავიხარენით‚ დილასა ქალაქს შევედით‚ მოედნით ავიყარენით; მეფემან ბრძანა: «ლაშქარნი უხმენით‚ შემოჯარენით‚ დღეს ხატაელი მიჩვენეთ‚ ტყვენიცა შემომგვარენით!» |
[468] |
15:6 | რამაზ მეფე მას წინაშე შეპყრობილი მოვიყვანე; ტკბილად ნახა ხელმწიფემან‚ ვითა შვილი სააკვანე‚ ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავაგვანე‚ ესე არის მამაცისა მეტისმეტი სიგულვანე! |
[469] |
15:7 | მას მეფესა ხატაელსა უმასპინძლა‚ უალერსა‚ ჟამიერად უბრძანებდის საუბარსა მათსა ფერსა. ცისკრად მიხმეს‚ მიბრძანებდეს მე სიტყვასა ლმობიერსა: «შეუნდობო ხატაელსა‚ მას აქამდის შენამტერსა». |
[470] |
15:8 | მე ვჰკადრე: «ღმერთი ვინათგან შეუნდობს შეცოდებულსა‚ უყავით თქვენცა წყალობა მას ღონეგაცუდებულსა!» რამაზს უბრძანეს: «იცოდი‚ გაგგზავნი შეწყალებულსა‚ მაგრა ნუ გნახავთ კვლამცაღა ჩვენ წინა გაწბილებულსა!» |
[471] |
15:9 | ხარაჯა დასდვეს‚ შეჰკვეთეს დრაჰკანი ასჯერ ასია‚ კვლა ხატაური ათასი‚ სხვა სტავრა‚ სხვა ატლასია. მერმე ყველაი დამოსა‚ იგი და მისი ხასია‚ შეწყალებული გაგზავნა‚ უყო რისხვისა ფასია. |
[472] |
15:10 | ხატაელმან დაუმადლა‚ დადრკა‚ მდაბლად ეთაყვანა‚ მოახსენა: «ორგულობა თქვენი ღმერთმან შემანანა. თუღა ოდეს შე-ღა-გცოდო‚ მაშინ მომკალ მეცა განა!» წავიდა და ყველაკაი მისი თანაწაიტანა. |
[473] |
15:11 | მოვიდა კაცი მეფისა‚ ცისკრობს‚ არ დანაღამია; ებრძანა: «რა შენ გაგყრივარ‚ მას აქათ თვეო სამია‚ მინდორს მოკლული ისრითა ნადირი არ მიჭამია‚ არ დამაშვრალ ხარ‚ წავიდეთ‚ თუცა დაშრომის ჟამია». |
[474] |
15:12 | შევეკაზმე‚ დარბაზს მივე‚ დამხვდა ჯარი ავაზისა‚ შავარდნითა სავსე იყო სრულად არე დარბაზისა‚ მეფე ქვე ჯდა შეკაზმული‚ შვენებითა მსგავსი მზისა; გაეხარნეს მისლვა ჩემი‚ ტურფისა და ლამაზისა. |
[475] |
15:13 | იდუმალ ცოლსა ეუბნა‚ მართ ჩემგან უცოდნელია: «ომით მოსრული ტარიელ საჭვრეტლად სასურველია‚ მან გაანათლოს მჭვრეტელთა გული‚ რაზომცა ბნელია; რაცა დაგვედრო საქმნელად‚ ქმენ‚ არა საზოზღნელია! |
[476] |
15:14 | აწ მითქვამს საქმე უშენოდ‚ შენცა ცან ესე მცნებული: რათგან ქალია სამეფოდ ჩვენგანვე სახელდებული‚ ვინცაღა ნახავს‚ აწ ნახოს‚ აჰა ხე‚ ედემს ხებული‚ გვერდსა დაისვი‚ ორნივე სრას დამხვდით‚ მოვალ შვებული!» |
[477] |
15:15 | მოვინადირეთ მინდორი‚ ძირი მთისა და გორისა; იყო სიმრავლე ძაღლისა‚ შავარდნისა და ქორისა. ადრე დავბრუნდით‚ ვიარეთ არ ეჯი გზისა შორისა. აღარ იბურთეს‚ დაშლა ქმნეს თამაშობისა ორისა. |
[478] |
15:16 | ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა ქალაქი‚ შუკა და ბანი. ომგარდახდილსა მშვენოდეს მე ენიანნი კაბანი; ფერმიხდილგვარად ვშვენოდი ვარდი‚ ცრემლითა ნაბანი‚ ვინცა მიჭვრეტდის‚ ბნდებოდის‚ – მართლად არს‚ არ კატაბანი. |
[479] |
15:17 | რიდენი რომე მეშოვნეს ქალაქსა ხატაელთასა‚ იგი მეხვივნეს‚ მშვენოდეს‚ ვახელებ გულსა ხელთასა. მეფე გარდახდა‚ დარბაზსა შევედით ჩემთა მზრდელთასა‚ შევხედენ‚ დავჰკრთი ელვასა ღაწვთასა მზებრ ნათელთასა. |
[480] |
15:18 | მას მზესა ტანსა ემოსნეს ნარინჯისფერნი ჯუბანი‚ ზურგით უთქს ჯარი ხადუმთა‚ დას-დასად‚ უბან-უბანი; სრულად ნათლითა აევსო სახლი‚ შუკა და უბანი‚ მუნ ვარდსა შუა შვენოდეს ძოწ-მარგალიტნი ტყუბანი. |
[481] |
15:19 | ნაომარსა‚ დაკოდილსა ხელი ყელსა ჩამომება. დედოფალი საჯდომთაგან ადგა‚ წინამომეგება‚ ვითა შვილი გარდამკოცნა‚ ღაწვი ვარდი დამილება‚ მითხრა: «ნუ ეჭვ ამას იქით‚ თუმცა მტერი შე-ღა-გება». |
[482] |
15:20 | ახლოს დამისვეს ადგილსა‚ მუნ‚ სადა მეამებოდა. პირისპირ მიჯდა იგი მზე‚ გული ვისთვისცა კვდებოდა. მალვით უჭვრეტდი‚ მიჭვრეტდა‚ სხვად არას მეუბნებოდა; თვალნი მოვსწყვიდნი‚ სიცოცხლე ამითა მეარმებოდა. |
[483] |
15:21 | შეიქმნა სმა და პურობა‚ მსგავსი მათისა ძალისა; სხვა გახარება ასეთი არს უნახავი თვალისა! ჯამი და ჭიქა – ყველაი ფეროზისა და ლალისა. არვისი ბრძანა მეფემან არცა გაშვება მთრვალისა. |
[484] |
15:22 | მე მუნა მყოფი მივეცი შვებასა მეტისმეტასა. რა შემომხედნის‚ შევხედნი‚ ცეცხლმან დამიწყის შრეტასა; კაცთა კრძალვასა ვაწვევდი გულსა შმაგსა და რეტასა. რა უამეა პირისპირ საყვარელისა ჭვრეტასა! |
[485] |
15:23 | დააგდეს მღერა მუტრიბთა‚ «სულეთო!»‚ თავი ხარიან; მიბრძანეს: «შვილო ტარიელ‚ ვით გითხრათ‚ ვით გვიხარიან?! ნეტარძი გვაქვსო‚ მებრძოლნი მით ჩვენნი ვაგლახ არიან; მართალან შენნი მჭვრეტელნი‚ არ ცუდად იმკვეხარიან. |
[486] |
15:24 | აწ თუცა გვმართებს შემოსა‚ ვის მორჭმით მოგივლენიან‚ არ შეგმოსთ‚ მაგა კაბათა არ აგხდით‚ ტურფად გშვენიან; აწ გქონდეს ასი საჭურჭლე‚ ვის შუქნი მოგიფენიან‚ თვით შეიკერე‚ რაცა გწადს‚ ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან!» |
[487] |
15:25 | მომართვნეს ასნი კლიტენი ასთავე საჭურჭლეთანი; თაყვანისვეც და დავლოცენ დავლანი მათთა სვეთანი; მაკოცეს‚ ადგეს ორნივე‚ თვით იგი მზენი მზეთანი; რა გასცეს‚ ზომნი ვით გითხრნე ლაშქართა სისავსეთანი! |
[488] |
15:26 | კვლაცა დაჯდა მხიარული‚ მოიმატა სმა და მღერა; კვლა გაგრძელდა ნადიმობა‚ ბარბითთა და ჩანგთა ჟღერა. დედოფალი წამოვიდა‚ შეეყარა მწუხრსა დღე რა. ძილპირამდის სიხარულსა სიხარული ჰგვანდა ვერა. |
[489] |
15:27 | ავიყარენით‚ მიგვჭირდა სმა დოსტაქნისა მეტისა. საწოლს შემოვე‚ შემექმნა ცნობა მართ ვითა რეტისა. ძალი არ მქონდა ტყვექმნილსა მე ამა ცეცხლთა შრეტისა. მეგონებოდის‚ მალხენდის გონება მისგან ჭვრეტისა“. |
[490] |