ამბავი ნურადინ-ფრიდონისა‚ ოდეს ტარიელ შეეყარა | ||
21:1 | ღამით მევლო‚ მოვიდოდი‚ ზღვისა პირსა აჩნდეს ბაღნი; ჰგვანდა‚ ქალაქს ვეახლენით‚ ცალკერძ იყვნეს კლდეთა ნაღნი; არ მეამის კაცთა ნახვა‚ მიდაღვიდეს გულსა დაღნი; მუნ გარდავხე მოსვენებად‚ დამხვდეს რამე ხენი ლაღნი. |
[592] |
21:2 | ხეთა ძირსა მივიძინე‚ მათ მონათა ჭამეს პური; მერმე ავდეგ სევდიანი‚ მიღამებდა გულსა მური: ვერა მეცნა ეგზომ გრძელად ვერ ჭორი და ვერ დასტური‚ ველთა ცრემლი ასოვლებდა‚ თვალთა ჩემთა მონაწური. |
[593] |
21:3 | ზახილი მესმა. შევხედენ‚ – მოყმე ამაყად ყიოდა‚ შემოირბევდა ზღვის პირ-პირ‚ მას თურე წყლული სტკიოდა; ხრმლისა ნატეხი დასვრილი აქვს‚ სისხლი ჩამოსდიოდა‚ მტერთა ექადდა‚ წყრებოდა‚ იგინებოდა‚ ჩიოდა. |
[594] |
21:4 | ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა‚ აწ ესე მე მითქს რომელი‚ მართ ვითა ქარი მოქროდა გაფიცხებული‚ მწყრომელი; მონა მივსწიე‚ მისისა შეყრისა ვიყავ მნდომელი; შევსთვალე: «დადეგ‚ მიჩვენე‚ ლომსა ვინ გაწყენს‚ რომელი?» |
[595] |
21:5 | მას მონასა არა უთხრა‚ არცა სიტყვა მოუსმინა; ფიცხლა შევჯე‚ ჩავეგებე‚ მე ჩაუსწარ‚ ჩავე წინა‚ უთხარ: «დადეგ‚ გამაგონე‚ შენი საქმე მეცა მინა!» შემომხედნა‚ მოვეწონე‚ სიარული დაითმინა. |
[596] |
21:6 | გამიცადა‚ ღმერთსა ჰკადრა: «შენ ასეთნი ხენი ვით ხენ!» მერმე მითხრა: «მოგახსენებ‚ აწ სიტყვანი რომე მკითხენ: იგი მტერნი გამილომდეს‚ აქანამდის რომე ვითხენ‚ უკაზმავსა მიღალატეს‚ საჭურველნი ვერ გარ ვითხენ». |
[597] |
21:7 | მე უთხარ: «დადეგ‚ დაწყნარდი‚ გარდავხდეთ ძირსა ხეთასა; არ შეუდრკების ჭაბუკი კარგი მახვილთა კვეთასა». თანა წამომყვა‚ წავედით უტკბოსნი მამა-ძეთასა. მე გავეკვირვე ჭვრეტასა მის ყმისა სინაზეთასა. |
[598] |
21:8 | ერთი მონა დასტაქარი მყვა და წყლულნი შეუხვივნა‚ ისრის პირნი ამოუხვნა‚ დაკოდილნი არ ატკივნა. მერმე ვჰკითხე: «ვინ ხარ‚ ანუ მკლავმან შენმან ვისგან ივნა?» საამბობლად დამირიგდა‚ თავი მისი გაამჩივნა. |
[599] |
21:9 | პირველ მითხრა: «არა ვიცი‚ რა ხარ‚ ანუ რას გამსგავსო? ანუ ეგრე რამ დაგლია‚ ანუ პირველ რამ გაგავსო? რამან შექმნა მოყვითანედ‚ ვარდ-გიშერი რომე რგავსო? ღმერთმან მისგან ანთებული სანთელიმცა რად დაგავსო? |
[600] |
21:10 | მულღაზანზარის ქალაქი‚ ახლოს მე მაქვსო რომელი‚ ნურადინ-ფრიდონ სახელ მძეს‚ მეფე ვარ მუნა მჯდომელი; ესე საზღვარი ჩემია‚ სადა ხარ გარდამხდომელი‚ ცოტა მაქვს‚ მაგრა ყოველგნით სიკეთემიუწდომელი. |
[601] |
21:11 | მამის ძმა და მამა ჩემი პაპმან ჩემმან გაყვნა ოდეს‚ ზღვასა შიგან კუნძულია‚ – ჩემად წილად მას იტყოდეს‚ – თვით ბიძასა ჩემსა მიხვდა‚ ვისთა შვილთა აწ დამკოდეს; მათვე დარჩა სანადირო‚ არ მივსცემდი‚ მომერჩოდეს. |
[602] |
21:12 | დღეს გამოვე ნადირობას‚ ზღვისა პირსა ვინადირე‚ მუნა გასლვა მომნდომოდა‚ მით მრეკალი არ ვახშირე; სპათა უთხარ: «მომიცადეთ‚ მოვიდოდე მეცა ვირე!» ხუთთა ოდენ ბაზიერთა მეტი არა დავიჭირე. |
[603] |
21:13 | ნავითა გავე‚ ზღვისაგან შტო რამე გამოვიდოდა. არ ამოვჰკრეფდი გამყოფთა‚ ვთქვი: «ჩემთა რად დავრიდო‚ და-?» დამეძაბუნნეს‚ სიმრავლე მე მათი არ გამვიდოდა‚ ვნადირობდი და ვიზახდი‚ ხმა ჩემი არ უდიდოდა. |
[604] |
21:14 | მართლად იჯავრეს‚ წუნობა მათი თუ ესე ხმდა ვითა! გამომაპარნეს ლაშქარნი‚ გზანი შემიკრნეს ნავითა‚ თვით ბიძასძენი ჩემნიცა შესხდეს მათითა თავითა‚ ჩემთა გაუხდეს ლაშქართა ომად თავისა მკლავითა. |
[605] |
21:15 | მათი მესმა‚ დავინახე ზახილი და ხრმალთა ელვა‚ ნავი ვსთხოვე მენავეთა‚ მით ვიყივლე მე ერთხელ «ვა»‚ ზღვასა შევე‚ მომეგება მეომარი ვითა ღელვა‚ სწადდა‚ მაგრა ვეღარა ქმნეს ჩემი ზედა წამოქელვა. |
[606] |
21:16 | კვლა სხვანი დიდნი ლაშქარნი უკანა მომეწეოდეს‚ იქით და აქათ მომიხდეს‚ ერთგნით ვერ მომერეოდეს‚ არ მომწურვოდეს წინანი‚ ზურგით მესროდეს მე ოდეს‚ ხრმალსა მივენდვე‚ გამიტყდა‚ ისარნი დამელეოდეს. |
[607] |
21:17 | მომეჯარნეს‚ ვეღარა ვქმენ‚ ნავით ცხენი გარდვიხლტუნვე‚ ზღვა-ზღვა ცურვით წამოუვე‚ ჩემი მჭვრეტი გავაცბუნვე; თანამყოლნი ყველაკანი დამიხოცნეს‚ დამრჩეს მუნვე‚ ვინცა მდევდა‚ ვერ შემომხდა‚ მიუბრუნდი‚ მივაბრუნვე. |
[608] |
21:18 | აწ იგი იქმნას‚ რაცაღა ენებოს ღმრთისა წადილსა! ვეჭვ‚ ჩემი სისხლი არ შერჩეს‚ ძალი შემწევდეს ქადილსა! ოხრად გაუხდი ყოფასა მათ საღამოსა და დილსა‚ უხმობ ყვავთა და ყორანთა‚ მათ ზედა ვაქნევ ხადილსა!» |
[609] |
21:19 | ამა ყმამან შემიკვეთა‚ გული მისკენ მიმიბრუნდა. მოვახსენე: «აჩქარება შენი ყოლა არა უნდა‚ მეცა თანა წამოგყვები‚ დაიხოცნენ იგი მუნ‚ და-! ჩვენ ორთავე მეომარი განაღამცა შეგვიძრწუნდა!» |
[610] |
21:20 | ესეცა უთხარ: «ამბავი ჩემი არ გაგეგონების‚ უფრორე წყნარად გიამბობ‚ თუ ჟამი ჩვენ გვექონების». მან მითხრა: «ლხინი საჩემო მაგას რა შეეწონების! დღედ სიკვდილამდის სიცოცხლე შენ ჩემი დაგემონების». |
[611] |
21:21 | მივედით მისსა ქალაქსა ტურფასა‚ მაგრა ცოტასა; გამოეგებნეს ლაშქარნი‚ ისხმიდეს მისთვის ოტასა‚ პირსა იხოკდეს‚ გაჰყრიდეს ნახოკსა ვით ნაფოტასა‚ ეხვეოდიან‚ ჰკოცნიან ხრმალსა და სალტე-კოტასა. |
[612] |
21:22 | კვლა მოვეწონე‚ ვეტურფე მე მისი გარდნაკიდარი; შემასხმიდიან ქებასა: «მზეო‚ შენ ჩვენთვის იდარი!» მივედით‚ ვნახეთ ქალაქი მისი ტურფა და მდიდარი‚ ყველასა ტანსა ემოსა ზარქაში განაზიდარი“. |
[613] |