ძიება

ვერსიები
ვერსია:
კოდი:
თავი:  

« 2008 წ. გამოცემა »
2008 წ. გამოცემა - თავი 1
2008 წ. გამოცემა - თავი 2
2008 წ. გამოცემა - თავი 3
2008 წ. გამოცემა - თავი 4
2008 წ. გამოცემა - თავი 5
2008 წ. გამოცემა - თავი 6
2008 წ. გამოცემა - თავი 7
2008 წ. გამოცემა - თავი 8
2008 წ. გამოცემა - თავი 9
2008 წ. გამოცემა - თავი 10
2008 წ. გამოცემა - თავი 11
2008 წ. გამოცემა - თავი 12
2008 წ. გამოცემა - თავი 13
2008 წ. გამოცემა - თავი 14
2008 წ. გამოცემა - თავი 15
2008 წ. გამოცემა - თავი 16
2008 წ. გამოცემა - თავი 17
2008 წ. გამოცემა - თავი 18
2008 წ. გამოცემა - თავი 19
2008 წ. გამოცემა - თავი 20
2008 წ. გამოცემა - თავი 21
2008 წ. გამოცემა - თავი 22
2008 წ. გამოცემა - თავი 23
2008 წ. გამოცემა - თავი 24
2008 წ. გამოცემა - თავი 25
2008 წ. გამოცემა - თავი 26
2008 წ. გამოცემა - თავი 27
2008 წ. გამოცემა - თავი 28
2008 წ. გამოცემა - თავი 29
2008 წ. გამოცემა - თავი 30
2008 წ. გამოცემა - თავი 31
2008 წ. გამოცემა - თავი 32
2008 წ. გამოცემა - თავი 33
2008 წ. გამოცემა - თავი 34
2008 წ. გამოცემა - თავი 35
2008 წ. გამოცემა - თავი 36
2008 წ. გამოცემა - თავი 37
2008 წ. გამოცემა - თავი 38
2008 წ. გამოცემა - თავი 39
2008 წ. გამოცემა - თავი 40
2008 წ. გამოცემა - თავი 41
2008 წ. გამოცემა - თავი 42
2008 წ. გამოცემა - თავი 43
2008 წ. გამოცემა - თავი 44
2008 წ. გამოცემა - თავი 45
2008 წ. გამოცემა - თავი 46
2008 წ. გამოცემა - თავი 47
2008 წ. გამოცემა - თავი 48
2008 წ. გამოცემა - თავი 49
2008 წ. გამოცემა - თავი 50
2008 წ. გამოცემა - თავი 51
2008 წ. გამოცემა - თავი 52
2008 წ. გამოცემა - თავი 53
2008 წ. გამოცემა - თავი 54
2008 წ. გამოცემა - თავი 55
2008 წ. გამოცემა - თავი 56
2008 წ. გამოცემა - თავი 57
2008 წ. გამოცემა - თავი 58
2008 წ. გამოცემა - თავი 59

« 2008 წ. გამოცემა 31 [VTA - xx] »

პოვნა ავთანდილისაგან ტარიელისა

31:1 მივიდოდა, მიუბნობდა ყმა მტირალი, ფერშეცვლილი,
ქედსა რასმე გარდაადგა, ველი აჩნდა მზიან-ჩრდილი;
ნახა, შავი შამბთა პირსა დგა სადავეუკუყრილი;
თქვა: „უცილოდ იგიაო, არა უნდა ამას ცილი“.
[869]
31:2 რა შეხედნა, ყმასა გულმან გაუფეთქნა, გაუნათდა,
აქა ლხინი დაღრეჯილსა უათასდა, არ უათდა;
ვარდმან ფერი გაანათლა, ბროლი ბროლდა, სათი სათდა,
ვით გრიგალმან ჩაირბინა, არ მოსცალდა ჭვრეტად მათდა.
[870]
31:3 რა ტარიელ დაინახა, განაღამცა დაეღრიჯა:
ახლოს მყოფი სიკვდილისა ჯდა და პირი დაებღნიჯა,
საყელონი გარდეხივნეს, თავი სრულად გაეგლიჯა,
მას აღარა შეესმოდა, სოფლით გაღმა გაებიჯა.
[871]
31:4 ერთკერძ უც ლომი მოკლული და ხრმალი სისხლმოცხებული,
კვლა სხვაგნით – ვეფხი უსულო, მკვდარი, ქვედანარცხებული;
მას წყაროსაებრ თვალთაგან ცრემლი სდის გაფიცხებული.
მუნ აგრე გულსა უნთებდა ცეცხლი მცხინვარე, ცხებული.
[872]
31:5 თვალთა ახმადცა ზარედვა, სრულად მიჰხდოდა ცნობასა,
მიახლებოდა სიკვდილსა, მოშორვებოდა თმობასა.
ყმა სახელდებით უყივის, ლამის სიტყვითა კრთობასა,
ვეღარ ასმინა, გარდიჭრა, ძმა გამოაჩენს ძმობასა!
[873]
31:6 ხელითა ცრემლსა უწურავს, თვალთა ავლებდა სახელსა,
ახლოს უზის და უზახის მართ სახელდებით სახელსა;
ეტყვის: „ვერ მიცნობ ავთანდილს, შენთვის გაჭრილსა და ხელსა?“
მას არა დია შეესმის რეტსა, თვალდაუფახელსა.
[874]
31:7 ესე ყველაი ასრეა, რაცა აწ ჩემგან თხრობილა.
ცრემლნი მოსწურნა თვალთაგან, ცოტადრე მოაცნობილა.
მაშინღა იცნა, აკოცა, მოეჭდო, მოეძმობილა.
ვიმოწმებ ღმერთსა ცხოველსა, მათებრი არვინ შობილა!
[875]
31:8 უთხრა: „ძმაო, არ გიტყუე, გიყავ, რაცა შემოგფიცე,
გნახე სულთა გაუყრელმან, ფიცი ასრე დავამტკიცე;
აწ დამეხსენ, სიკვდილამდის ვიტირო და თავსა ვიცე.
მაგრა გვედრებ დამარხვასა, მხეცთა საჭმლად არ მივიცე“.
[876]
31:9 ყმამან უთხრა: „რაშიგან ხარ, შენ საქმესა რად იქ ავსა?
ვინ მიჯნური არ ყოფილა, ვის სახმილი არა სწვავსა?
ვის უქნია შენი მსგავსი სხვასა კაცთა ნათესავსა?
რად სატანას წაუღიხარ, რად მოიკლავ ნებით თავსა?
[877]
31:10 თუ ბრძენი ხარ, ყოვლნი ბრძენნი აპირებენ ამა პირსა:
ხამს მამაცი მამაცური, სჯობს, რაზომცა ნელად ტირსა,
ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვითკირსა.
თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა.
[878]
31:11 ბრძენი ხარ და გამორჩევა არა იცი ბრძენთა თქმულებ,
მინდორს სტირ და მხეცთა ახლავ, რას წადილსა აისრულებ?
ვისთვის ჰკვდები, ვერ მიხვდები, თუ სოფელსა მოიძულებ,
თავსა მრთელსა რად შეიკრავ, წყლულსა ახლად რად იწყლულებ?
[879]
31:12 ვინ არ ყოფილა მიჯნური, ვის არ სახმილნი სდებიან?
ვის არ უნახვან პატიჟნი, ვისთვის ვინ არა ბნდებიან?
მითხარ, უსახო რა ქმნილა, სულნი რად ამოგხდებიან?
არ იცი, ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან!
[880]
31:13 ვარდსა ჰკითხეს: «ეგზომ ტურფა რამან შეგქმნა ტანად, პირად?
მიკვირს, რად ხარ ეკლიანი, პოვნა შენი რად არს ჭირად».
მან თქვა: «ტკბილსა მწარე ჰპოვებს, სჯობს, იქმნების რაცა ძვირად;
ოდეს ტურფა გაიეფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად».
[881]
31:14 რათგან ვარდი ამას იტყვის, უსულო და უასაკო,
მაშა ლხინსა ვინ მოიმკის პირველ ჭირთა უმუშაკო?
უბოროტო ვის ასმია რაცა კარგი საეშმაკო,
რად ემდურვი საწუთროსა, რა უქნია უარაკო?!
[882]
31:15 ისმინე ჩემი თხრობილი, შეჯე, წავიდეთ ნებასა,
ნუ მიჰყოლიხარ თავისსა თათბირსა, გაგონებასა,
რაცა არ გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა;
ასრე არ სჯობდეს, არ გეტყვი, რად მეჭვ რასაცა თნებასა!“
[883]
31:16 მან უთხრა: „ძმაო, რა გითხრა, ძრვაცა არ ძალმიც ენისა,
ძალი არა მაქვს ხელქმნილსა შენთა სიტყვათა სმენისა;
რად ადვილად გიჩს მოთმენა ჩემთა სასჯელთა თმენისა?
აწ მივსწურვივარ სიკვდილსა, დრო მომეახლა ლხენისა.
[884]
31:17 ამას მოკვდავი ვილოცავ, არ ოდეს ვითხოვ, არ, ენით:
აქა გაყრილნი მიჯნურნი მუნამცა შევიყარენით,
მუნ ერთმანერთი კვლა ვნახეთ, კვლა რამე გავიხარენით;
მო, მოყვარეთა დამმარხეთ, მიწანი მომაყარენით!
[885]
31:18 საყვარელმან საყვარელი ვით არ ნახოს, ვით გაწიროს!
მისკენ მივალ მხიარული, მერმე მანცა ჩემ კერძ იროს,
მივეგებვი, მომეგებოს, ამიტირდეს, ამატიროს.
ჰკითხე ასთა, ქმენ გულისა, რა გინდა ვინ გივაზიროს!
[886]
31:19 მართ გარდაწყვედით იცოდი, გეტყვი მართალსა პირასა:
სიკვდილი მახლავს, დამეხსენ, ხანსაღა დავჰყოფ მცირასა;
არ ცოცხალ ვიყო, რას მაქნევ? რა დავრჩე, ხელსა მხდი რასა?
დამშლიან ჩემნი კავშირნი, შევრთვივარ სულთა სირასა.
[887]
31:20 რა სთქვი, რას იტყვი, არ მესმის, არცა მცალს სმენად ამისად,
სიკვდილი მახლავს ხელქმნილსა, სიცოცხლე არის წამისად;
აწ გამიარმდა სიცოცხლე მეტად ყოვლისა ჟამისად,
მუნ მეცა მივალ, ცრემლისა, მიწად, სად გამდის ლამი, სად.
[888]
31:21 ბრძენი, ვინ ბრძენი, რა ბრძენი, ხელი ვითა იქს ბრძნობასა!
ეგ საუბარი მაშინ ხამს, თუცაღა ვიყო ცნობასა;
ვარდი ვერ არის უმზეოდ; იყოს, დაიწყებს ჭნობასა;
მაწყენ, დამეხსენ, არა მცალს, არცაღა ვახლავ თმობასა“.
[889]
31:22 კვლა ეუბნების ავთანდილ სიტყვითა მრავალფერითა,
ეტყვის: „რა მოჰკვდე, გერგების სიტყვითა რა ოხერითა?
ნუ იქ, არა სჯობს, საქმითა ნუ ხარ თავისა მტერითა!“
ვერ წაიყვანა, ვერა ქმნა სიტყვითა, ვერა, ვერითა.
[890]
31:23 მერმე უთხრა: „აჰა, რათგან არ მომისმენ არას, არა,
აღარ გაწყენს ენა ჩემი, აქამდისცა ცუდად მცთარა;
თუ სიკვდილი გიჯობს, მოკვე, ვარდი დაჭნეს, და-ცა-მჭნარა!
ერთსა რასმე გეაჯები, მიყავ!“ – ცრემლი ამდუღარა.
[891]
31:24 „სადა ინდონი ბროლ-ვარდსა სარვენ გიშრისა სარითა,
მას მოვეშორვე, წამოვე სიჩქარით, არ სიწყნარითა;
ვერ დამიჭირა მეფემან მშობლურად საუბარითა,
შენ არ შემიყრი, გამიყრი, აწ ჩემი ლხინი ვთქვა რითა?
[892]
31:25 ნუ გამგზავნი გულმოკლულსა, ერთი მიყავ საწადელი,
ერთხელ შეჯე, ცხენოსანი გნახო ჩემი სულთამხდელი,
ნუთუ მაშინ მოვიქარვო სევდა ესე აწინდელი;
მე წავალ და შენ დაგაგდებ, იქმნას შენი საქადელი!“
[893]
31:26 ეხვეწებოდა: „შეჯეო“, აჯას ხვეწნითა არვებდა,
იცოდა, რომე შეჯდომა კაეშანს მოაქარვებდა.
ლერწმისა სარსა დასდრეკდა, გიშერსა დააკარვებდა,
დაიმორჩილა, ეამა, არ ივაგლახა, არ ვებდა.
[894]
31:27 ცხადად უთხრა: „შევჯდებიო, მომიყვანე ცხენი წინა“.
მან მოჰგვარა, წყნარად შესვა, არ სიჩქარით ააქშინა;
მინდორთაკენ წაიყვანა, ტანი მჭევრი აძრვევინა;
ხანი წავლეს, სიარულმან მოჯობება დააჩინა.
[895]
31:28 შეაქცევს და ეუბნების საუბართა შვენიერთა,
მისთვის სძრვიდა სასაუბროდ მათ ბაგეთა ძოწისფერთა,
მისი სმენა გააყმობდა მსმენელისა ყურთა ბერთა;
მოიშორვა კაეშანი, დათმობავე შეაერთა.
[896]
31:29 რა შეატყო მოჯობება მან, სევდისა მუფარახმან,
გაანათლა პირი ვარდი სიხარულმან დაუსახმან,
ცნობიერთა დასტაქარმან, უცნობოთა ოხრვა-ახმან,
ცნობიერი სიტყვა უთხრა უცნობოსა რასმე მზრახმან.
[897]
31:30 შე-რასმე-ჰყვეს საუბარსა, სიტყვა ჰკადრა არმალული:
„ერთსა რასმე მოგახსენებ, გამიცხადე დაფარული:
ეგე სამხრე მისეული, შენ გაჩნია ვისგან წყლული,
რაგვარ გიყვარს, რაგვარ გიღირს? თქვი, დავიღო მერმე სული“.
[898]
31:31 მან უთხრა: „სახე რა გითხრა მის უსახოსა სახისა!
ესეა ჩემი სიცოცხლე, ჩემი მომცემი ახისა,
მჯობი ყოვლისა სოფლისა, წყლისა, მიწისა და ხისა.
არსასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა“.
[899]
31:32 ავთანდილ უთხრა: „ვლამოდი მართ მაგისსავე თქმევასა;
აწ რათგან გითქვამს, პასუხსა გკადრე და ნუ მეჭვ თნევასა:
სჯობს ასმათისა არლევა მაგა სამხრისა ლევასა,
ამად არ გიქებ საქმისა უარესისა რჩევასა.
[900]
31:33 სამხრე გაბია ოქროსა, ოქრომჭედლისა დნობილი,
უასაკო და უსულო, არ სიტყვიერი, ცნობილი;
აღარად გინდა ასმათი – ნახე მართალი ბრჭობილი! –
პირველ, გლახ, მისი ნაჭვრეტი, თვით მერმე შენი დობილი.
[901]
31:34 თქვენ შუა მქმნელი საქმისა, შენგან ნახმობი დობისა,
თქვენი შემყრელი, მსახური, შენგან ღირსქმნილი ხმობისა,
მისი გამზრდელი, გაზრდილი, მისთვის მიხდილი ცნობისა,
გლახ, დაგიგდია, არ ნახავ, შაბაშ მართლისა ბრჭობისა!“
[902]
31:35 მან უბრძანა: „რაცა გითქვამს, უმართლე ხარ მეტისმეტად:
საბრალოა ასმათ მისად მგონებლად და ჩემად მჭვრეტად;
მე სიცოცხლე არ მეგონა, შენ მომესწარ ცეცხლთა შრეტად,
რათგან დავრჩი, გვალე, ვნახოთ, თუცავე ვარ ჯერთცა რეტად“.
[903]
31:36 დამორჩილდა. გაემართნეს ავთანდილ და ამირბარი.
ვერ მიგია ქება მათი, ვერა ქება საქებარი:
კბილნი – ვითა მარგალიტნი, ბაგე – ვარდი ნაპობარი.
გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.
[904]
31:37 ამას ეტყვის: „შენთვის დავსდებ გონებასა, სულსა, გულსა,
მაგრა შენცა ნუ აგრე ხარ, ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა;
არას გარგებს სწავლულება, თუ არა იქ ბრძენთა თქმულსა:
არ იხმარებ, რას ხელსა ჰხდი საუნჯესა დაფარულსა?
[905]
31:38 არას გარგებს შეჭირვება, რომ სჭმუნვიდე, რა გერგების!
არ თუ იცი, უგანგებოდ არათ კაცი არ მოკვდების;
მზისა შუქთა მომლოდინე ვარდი სამ დღე არ დაჭნების.
ბედი ცდაა, გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მო-ცა-გხვდების“.
[906]
31:39 მოახსენა: „ეგე სწავლა ჩემთვის ყოვლად სოფლად ღირდეს, –
გონიერთა მწვრთელი უყვარს, უგუნურთა გულსა ჰგმირდეს, –
მაგრა რა ვქმნა, რაგვარ გავსძლო, მეტისმეტი რა მიმჭირდეს!
შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი, არ მამართლო, არ მიკვირდეს?
[907]
31:40 ცვილსა ცეცხლის სიმხურვალე უგავს, ამად აენთების,
მაგრა წყალსა არსით ახლავს, თუ ჩავარდეს, და-ცა-შრტების;
რაცა ვისცა საქმე თვით სჭირს, სხვათათვისცა ევარგების,
თავიდაღმა რად არ იცი, გული ჩემი რაგვარ დნების!“
[908]
© 2014, გია შერვაშიძე